კათოლიკოს-პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა რუსთავის #12 პენიტენციურ დაწესებულებაში მოინახულა საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.
როგორც დეკანოზი ამბობს, ის სააკაშვილს არ შეხვედრია მის საკანში, არამედ ესაუბრა ნეიტრალურ ზონაში, სადაც მიღების საშუალებაა.
ყოფილი პრეზიდენტი ითხოვს სამკერდე ჯვრის დაბრუნებას. „მან მთხოვა, მის უწმინდესობას გადავცე, სამკერდე ჯვარი არ აქვს და იქნებ ეს სამკერდე ჯვარი დაუბრუნონ მას“, - თქვა პატრიარქის მდივანმა.
საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, რუსთავის ციხეში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი პატრიარქის, ილია მეორის კურთხევით მოინახულეს და უწმინდესის დალოცვა გადასცეს.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს, თბილისში დააკავეს და რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს. 1 ოქტომბერს დილიდან, „ქართული ოცნების“ ლიდერები და შსს აცხადებდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილს არ დაუტოვებია უკრაინის ტერიტორია და საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს, საღამოს კი, პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე გამოაცხადა, რომ სააკაშვილი დაკავებულია. ოფიციალურად ამ დრომდე უცნობია, რა გზით დაბრუნდა მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში.
დაწერეთ კომენტარი