Accessibility links

site logo site logo

ბალანსი ისევ “არ ჯდება” - ცესკოს ასობით საჩივარი აქვს განსახილველი


დისბალანსი ოქმებში და გაბათილებული ბიულეტენების სიმრავლე 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზეც პრობლემად რჩება.

ცესკო ამბობს, რომ ბალანსი ოქმებში „კვლავ მანიპულაციის თემაა”, პარტიები კი ცდილობენ დაიცვან ყველა ხმა, რომელთა ერთობლიობამაც შესაძლოა შეცვალოს არსებული სურათი. როცა ბარიერი დაბალია, თითოეული ხმის მნიშვნელობა იზრდება.

2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ცესკოში 1 704 საჩივარი შევიდა, მათგან მხოლოდ ორი ეკუთვნის მმართველ პარტიას. ოპოზიციური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები ითხოვენ:

  • კონკრეტული უბნების შედეგების გადათვლას;
  • ზოგიერთი უბნის შედეგების ბათილად ცნობას;
  • დისციპლინურ პასუხისმგებლობას მათთვის, ვინც არჩევნების დღეს არაკეთილსინდისიერად იმუშავა.

11 159 შემაჯამებელი ოქმიდან შესწორება 600-მდე ოქმს ახლავს თან, დაწერილია 1 016 ახსნა-განმარტება, განსხვავებული აზრი ახლავს მხოლოდ 8 ოქმს. განსხვავებული აზრი იმ შემთხვევაში იწერება, როცა კომისიის რომელიმე წევრი არ ეთანხმება ოქმში ასახულ მონაცემებს. საუბნო კომისიებში შედგენილი შემაჯამებელი ოქმების ნაწილს ხელმოწერების გასწვრივ კონკრეტული პირები აწერენ, რომ „არ ეთანხმებიან“ გადათვლის შედეგს, მაგრამ ეს არ ითვლება „განსხვავებულ აზრად“ - სპეციალურად განკუთვნილ გრაფაში უნდა იყოს აღნიშვნა გაკეთებული.

პრობლემური ოქმები

​2021 წლის პრობლემურ ოქმებში ზოგჯერ გაურკვეველი რჩება ერთი ან ორი ხმის წარმომავლობა, მაგრამ არის შემთხვევებიც, როდესაც რიცხვებს შორის აცდენა იმდენად დიდია, რომ შეუძლებელია მექანიკური შეცდომა იყოს.

მაგალითად, აი, როგორია ისნის მეორე უბნის ოქმი:

უბანზე სულ რეგისტრირებული იყო 1719 ამომრჩეველი, ცესკოდან მიიტანეს 1500 ბიულეტენი, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო რეგისტრირებულზე მეტმა, 1752-მა ამომრჩეველმა, მიცემულ ხმათა რაოდენობა კი 700-საც ვერ აღწევს.

ამ შემაჯამებელ ოქმს არ მოჰყვება არც განმარტებითი ბარათი და არც შესწორების ოქმი. არც მის გადათვლას ჩქარობენ.
ამ შემაჯამებელ ოქმს არ მოჰყვება არც განმარტებითი ბარათი და არც შესწორების ოქმი. არც მის გადათვლას ჩქარობენ.

„ცესკოს მონაცემებით მივიღე 12.61% ანუ 2047 ხმა. ამ მაჩვენებლით გავედი მეორე ადგილზე. კრწანისში ბათილი იყო მაჟორიტარობის არჩევნების 2213 ბიულეტენი. ანუ, უფრო მეტი ბათილი ბიულეტენი იყო, ვიდრე ხმა მივიღე”, - ამბობს თამაზ ახობაძე, „დროას” წევრი და ოპოზიციის საერთო კანდიდატი საკრებულოში კრწანისიდან. მის პარტიას ბარიერის გადასალახად და საკრებულოში ადგილის მისაღებად სულ რაღაც 2 069 ხმა აკლია.

„დროას” შემთხვევაში ნიშანდობლივია ის, რომ პირველად ოქმებში არაერთ უბანზე იმაზე ნაკლები ხმა უწერიათ, ვიდრე გადათვლილ უბნებზე აღმოჩნდა. გადალახავს თუ არა „დროა” 2,5% ბარიერს ან იპოვის თუ არა რომელიმე სხვა ოპოზიციური პარტია მის დაკარგულ ხმებს, გავლენას მოახდენს საკრებულოების შემადგენლობაზე.

„დროას” წევრებისგან განსხვავებით, თითო ხმისთვის ბრძოლაში დიდ აზრს ვერ ხედავს პარლამენტარი „ქართული ოცნებიდან”, შალვა პაპუაშვილი.

„პარტია "დროა", რომელსაც თბილისის მოსახლეობის მხოლოდ 2,14%-მა, ან სხვანაირად რომ ვთქვათ, მილიონნახევრიან ქალაქში 10 238 ადამიანმა დაუჭირა მხარი, გააფთრებით იბრძვის ხმებისთვის. გვჩაგრავენ, თორემ ხელისუფლებაში მოვდივართო. ეს თუ გასაკვირი დემოკრატია არ არის”, - დაწერა მან ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე 6 ოქტომბერს. ამ დღეს „დროამ” გასაჩივრებული უბნების გადათვლის შედეგად გაიგო, რომ, მაგალითად:

  • ვაკეში 72-ე უბანზე, სადაც პარტიას 0 ხმა ეწერა, სინამდვილეში ჰქონდა 20 ხმა;
  • „ლელოს” მაჟორიტარ კანდიდატს საბურთალოს მე-17 უბანზე გადათვლის შემდეგ დაემატა 115 ხმა. ოქმში 9 ხმა ეწერა.

„გაიხსნას უბნები და დავითვალოთ შედეგები. გაიხსნას თუნდაც ის უბნები, სადაც არის ამდენი მეტობა და მეტობა არის პირდაპირ დამამტკიცებელი იმისა, რომ გაყალბდა არჩევნები… ათობით ხმაზე ამბობენ, რომ მექანიკური, ტექნიკური შეცდომაა და რომ ვკითხე, რა იყო ეს მექანიკური შეცდომა, 12 ხმა შემთხვევით ჩაწერეს თურმე იქ, სადაც 87 უნდა ყოფილიყო”, - თქვა რადიო თავისუფლების დილის გადაცემაში სტუმრობისას ლანა გალდავამ. ის პარტია „ლელოს” წარმოადგენს.

არსებობს უბნები, სადაც შემაჯამებელ ოქმებზე არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის ყველა მონაცემი განსხვავებულია. მაგალითად:

  • დიდუბეში, 36-ე უბანში მერის შემაჯამებელ ოქმზე არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაში მითითებულია 674, მაჟორიტარულ შემაჯამებელ ოქმში 664, ხოლო პროპორციულში 671;
  • დიდუბის 46-ე უბანზე პროპორციულ შემაჯამებელ ოქმზე არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაში მითითებულია 592, მაჟორიტარულ შემაჯამებელ ოქმზე 588, ხოლო მერის შემაჯამებელ ოქმზე 590.

ამ კონკრეტულ უბნებზე საჩივარი დაწერილი აქვს და მათ გადათვლას ითხოვს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.

გადაკეთებული რიცხვები

ზუგდიდში, მე-12 უბანზე მერობის კანდიდატმა „ქართული ოცნებიდან“ შემაჯამებელი ოქმის მიხედვით 234 ხმა მიიღო. ეს რიცხვი ამავე ოქმში გადაკეთებულია და საბოლოოდ მმართველი პარტიის კანდიდატს ამ უბანზე 334 ხმა დაუწერეს. ოქმს თან არ ახლავს ახსნა-განმარტება, სადაც განმარტებული იქნებოდა ცვლილების მიზეზი.

შესწორების ოქმი არც ამ შემაჯამებელ ოქმს ახლავს თან, არც ახსნა-განმარტება
შესწორების ოქმი არც ამ შემაჯამებელ ოქმს ახლავს თან, არც ახსნა-განმარტება

ამ კონკრეტულ ფაქტს საია ასაჩივრებს და ითხოვს გაბათილდეს ეს შემაჯამებელი ოქმი, გაიხსნას დალუქული დოკუმენტაცია და ხელახლა გადაითვალოს ხმები, ამ უბნის კომისიის თავმჯდომარეს და მდივანს კი დაეკისროთ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. ცესკოს გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. ზუგდიდი საყურადღებოა იმ მხრივ, რომ აქ, მერობის ოპოზიციურ კანდიდატს მეტი ხმები აქვს მიღებული, ვიდრე „ქართული ოცნების”. ამ კონკრეტულ უბანზეც, ანზორ მელიას მამუკა წოწერიაზე 62-ით მეტი ხმა ჰქონდა, ვიდრე შემაჯამებელ ოქმში 234-ის 334-ად გადაკეთდებოდა.

ლაგოდეხში სამართლიანი არჩევნები ითხოვს გადაითვალოს, ყველაზე ცოტა, სამი უბანი [01,02,05] - მიზეზი ბათილი ბიულეტენების შეუსაბამოდ მაღალი რაოდენობაა. სამივე უბანში ჯამში 250-მდე ხმაა გაბათილებული. პირველ უბანზე 83 ბიულეტენია ბათილად ცნობილი, მეორეზე 89, მეხუთეზე 87. ლაგოდეხის ოლქში ბათილი ბიულეტენების სიმრავლე ყველა უბანზე თვალშისაცემია და მათი რიცხვი სხვადასხვა უბანზე 20-დან იწყება, ზოგან 200-საც კი აღემატება. მაგალითად, მე-19-ე უბანზე, სადაც სულ 516 ადამიანი მივიდა, 162 ბიულეტენია გაბათილებული. ეს უბანი საყურადღებოა იმ მხრივაც, რომ განსხვავება „ქართული ოცნების” და ოპოზიციის კანდიდატის შედეგებს შორის უმნიშვნელოა. მოქმედი მერი და მერობის კანდიდატი ჯონდო მდივნიშვილი ამ უბანზე მხოლოდ 8 ხმით უსწრებს მალხაზ ნოზაძეს, რომელიც „მესამე ძალა - სტრატეგია აღმაშენებელს” წარმოადგენს. სხვა უბნებზე ეს უპირატესობა უფრო აშკარაა. ლაგოდეხის 38 უბანში ჯამში 2265 ხმაა გაბათილებული.

„5 უბანი გადავითვალეთ 4 ოქტომბერს, სადაც ბევრი ბათილი უბანი იყო. ყუთიდან ამოდიოდა ცარიელი ბიულეტენები. მე მხოლოდ შემიძლია ვივარაუდო, რომ ეს იყო ცოტა კანდიდატის გამო. ამომრჩეველმა ვერ ნახა მისთვის სასურველი კანდიდატი და ჩათვალა, რომ ხმა არავისთვის არ უნდა მიეცა. თუ დავაკვირდებით, ეს არის მხოლოდ მერების ბიულეტენებზე. მართლა შეუსაბამოდ მაღალია ბათილი ბიულეტენების რაოდენობა, მაგრამ ამომრჩევლის ნებაში ხომ ვერ ჩავერევით, არანაირი აღნიშვნა არ იყო ამ გაბათილებულ ბიულეტენებზე. ეს არის აბსოლუტურად ცარიელი ბიულეტენები”, - უთხრა რადიო თავისუფლებას გიორგი დარბაიძემ, ლაგოდეხის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ.

საარჩევნო უბანი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, სოფელ კაბალში. 2 ოქტომბერი, 2021 წელი
საარჩევნო უბანი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, სოფელ კაბალში. 2 ოქტომბერი, 2021 წელი

რიგ შემთხვევებში ბათილად ცნობილი ბიულეტენების სიჭარბისას, თუკი მოხდა გადათვლა, ირკვევა, რომ არც იმდენი ხმა იყო გასაბათილებელი, რამდენიც გაბათილდა. მაგალითად, რუსთავის 88-ე უბანზე გაკეთებული შესწორების ოქმში ვკითხულობთ, რომ ამ უბანზე არა 56, არამედ 6 ბიულეტენი გაბათილდა საბოლოოდ. თიანეთის პირველ უბანზე კი გადათვლის შემდეგ გაირკვა, რომ 34-ის ნაცვლად 18 ბიულეტენი იყო გასაბათილებელი.

ყვარელში, მერვე საარჩევნო უბანზე გიორგი გახარიას პარტიის დამკვირვებელმა შედეგების დათვლისას, 3 ოქტომბერს, ღამით, 00:30 წუთზე დაწერა საჩივარი, სადაც ვკითხულობთ: „კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცესში რამდენიმე გადათვლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობა რამდენიმე ათეულით აღემატებოდა სიაში ხელმოწერილთა რაოდენობად”. ცესკომ ეს საჩივარი არ განიხილა არგუმენტით, რომ არასწორად იყო შევსებული.

ამ უბანზე შედგენილ ოქმს თან ახლავს შესწორების ფურცელი, სადაც აღნიშნულია, რომ გიორგი გახარიას პარტიის წარმომადგენელს 87 ხმა ეწერა 287 ხმის ნაცვლად, საარჩევნო უბანზე კი მივიდა არა 800, არამედ 880 ადამიანი.

დამკვირვებლებისა და პარტიების მიერ გასაჩივრებული შემთხვევების გარდა, ოქმები შეისწავლა გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება ifact-მაც და დაასკვნა, რომ:

  • მთელი ქვეყნის მასშტაბით შეცდომით არის დაჯამებული პროპორციული კენჭისყრის შემაჯამებელი ოქმების 27%, ანუ ათასზე მეტი ოქმი. თბილისში ეს მაჩვენებელი უფრო მაღალია და 39%-ს აღწევს. პროპორციული კენჭისყრის შედეგები გავლენას ახდენს საკრებულოების დაკომპლექტებაზე, ანუ იმაზე, რომელ პარტიას რამდენი წარმომადგენელი ეყოლება მუნიციპალურ საკანონმდებლო ორგანოებში.
  • საქართველოს მასშტაბით გაბათილდა პროპორციული ბიულეტენების 3.2% - პატარა პარტიების უმეტესობამ 2 ოქტომბერს სწორედ 2-3% აიღო.

საარჩევნო პროცესის დამკვირვებლები განმარტავენ, რომ დისბალანსი და ბათილი ბიულეტენები ყველა არჩევნების თანმდევია, თუმცა არა ისე სისტემურად, როგორსაც საქართველოში ბოლო წლებში ჩატარებულ არჩევნებში ვხვდებით. დისბალანსს ორგვარი დარღვევა იწვევს:

  • პირველი - როცა საარჩევნო ყუთში აღნუსხული ხმები, ანუ ბიულეტენი, იმაზე ნაკლებია, ვიდრე უბანზე მისული ამომრჩევლების რაოდენობა
  • მეორე - როცა საარჩევნო ყუთში აღნუსხული ხმები, ანუ ბიულეტენი, იმაზე მეტია, ვიდრე უბანზე მისული ამომრჩეველი.

ორივე შემთხვევა საყურადღებოა და შეიძლება იყოს მინიშნება ე.წ. სომხური კარუსელის არსებობის ან საარჩევნო ყუთში „ცრუ ბიულეტენების” ჩაყრის შესახებ.

„ამ არჩევნებზე ყველაზე დიდი პრობლემა, რაც გამოიკვეთა, არის ამომრჩევლის ნების კონტროლი. ჩვენ არ ვიცით, ამან რა გავლენა მოახდინა შედეგებზე. თუ ამომრჩეველი თავისუფლად ვერ ახდენს ხმის მიცემას, ყველანაირ პროცედურას უკვე აზრი ეკარგება”, - ამბობს სამართლიანი არჩევნების ხელმძღვანელი, ნინო დოლიძე. მისი ორგანიზაცია 100-ზე მეტ უბანში ითხოვს ხელახალ გადათვლას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG