Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კახა კუჭავა შეხვდა უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალს


კახა კუჭავა, დენის შმიგალი.
კახა კუჭავა, დენის შმიგალი.

უკრაინაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პარლამენტის თავმდჯოამრე შეხვდა მასპინძელი ქვეყნის პრემიერ-მინისტრს დენის შმიგალს. როგორც საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იუწყება, შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული განსაკუთრებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები მიმოიხილეს და საერთო მიზნებზე იმსჯელეს. ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და უკრაინის ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე, დეოკუპაციის კუთხით საერთო ძალისხმევასა და სავაჭრო-ეკონომიკური, ასევე, ტურიზმის მიმართულებით თანამშრომლობის გააქტიურებაზე. საუბარი, ასევე, შეეხო საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საკითხს.

„შევეხეთ საკითხს, რაც ყველას აინტერესებს, საუბარია, მიხეილ სააკაშვილის, ასე ვიტყოდი, გამოპარვაზე უკრაინიდან. ეს ის მომენტია, რომელიც ნამდვილად უხერხულობას წარმოქმნის ორ ქვეყანას შორის. მათ არ იცოდნენ მისი ამ გეგმების შესახებ - უკანონო საზღვრების კვეთა როგორც უკრაინაში, ასევე, საქართველოში და ზოგადად, შექმნილი უხერხული სიტუაცია. კიდევ ერთხელ, ორივე მხრიდან, ცალსახად იქნა ხაზგასმული, რომ ვერასდროს, ვერცერთი ადამიანი, მათ შორის, თუნდაც, ყოფილი პრეზიდენტი, ვერ იქნება მიზეზი და საფუძველი ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები ოდნავ მაინც გაუარესდეს“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ კახა კუჭავამ.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს, თბილისში დააკავეს და რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს. 1 ოქტომბერს დილიდან, „ქართული ოცნების“ ლიდერები და შსს აცხადებდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილს არ დაუტოვებია უკრაინის ტერიტორია და საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს, საღამოს კი, პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე გამოაცხადა, რომ სააკაშვილი დაკავებულია. ოფიციალურად ამ დრომდე უცნობია, რა გზით დაბრუნდა მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ის ყოველთვის ზრუნავს და ყველაფერს აკეთებს უკრაინის მოქალაქეების დასაბრუნებლად და ეს ეხება საქართველოში დაპატიმრებულ მიხეილ სააკაშვილსაც, რომელმაც უკრაიანის მოქალაქეობა 2015 წელს მიიღო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG