Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა უპასუხა ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციას ნავალნის მოწამვლასთან დაკავშირებით


რუსეთმა უპასუხა ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის შემადგენლობაში შემავალი 45 ქვეყნის მოთხოვნას ალექსეი ნავალნის მოწამვლასთან დაკავშირებით. ამის შესახებ ტასს განუცხადა რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ორგანიზაციაში, ალექსანდრ შულგინმა. მისი სიტყვებით, მოსკოვმა ასევე ინიცირება გაუკეთა საპასუხო მოთხოვნას გერმანიის, საფრანგეთის, შვედეთისა და ორგანიზაციის ტექნიკური სამდივნოსადმი. სხვა დეტალებს არ იტყობინებიან.

იმის შესახებ, რომ ქვეყნების ჯგუფმა რუსეთს ოფიციალური შეკითხვებით მიმართა ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის მოწამვლის თაობაზე, 5 ოქტომბერს გახდა ცნობილი. რუსეთს კერძოდ მოსთხოვეს, წარმოადგინოს ინფორმაცია, კონკრეტულად რა ნაბიჯები გადაიდგა ქვეყნის ტერიტორიაზე ქიმიური იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით.

ნავალნი 2020 წლის 20 აგვისტოს უგონო მდგომარეობაში მოათავსეს ომსკის საავადმყოფოში. ოპოზიციონერის თანამებრძოლები ამტკიცებდნენ, რომ ის უცნობი ნივთიერებით მოწამლეს. საავადმყოფოში აცხადებდნენ, რომ პოლიტიკოსის ორგანიზმში ვერ აღმოაჩინეს ვერავითარი შხამები და რომ კომა ნივთიერებათა ცვლის დარღვევითაა გამოწვეული. 22 აგვისტოს დილით ადრე სპეციალურმა თვითმფრინავმა ნავალნი გერმანიაში წაიყვანა. პოლიტიკოსი მოათავსეს ბერლინის „შარიტეს“ კლინიკაში, სადაც სპეციალისტებმა მის ორგანიზმში აღმოაჩინეს მომწამვლელი ნივთიერება „ნოვიჩოკის“ კვალი. რუსეთის ხელისუფლება უარყოფს, რომ ნავალნი რუსეთის ტერიტორიაზე მოწამლეს. ამ ინციდენტზე არ აღძრულა სისხლის სამართლის საქმე.

გამოცემა Bellingcat-მა, CNN-მა და Der Spiegel-მა გამოაქვეყნეს გამოძიება, რომელშიც ნათქვამია, რომ ნავალნი „ნოვიჩოკით“ მოწამლა ფსბ-ს თანამშრომელთა სპეციალურმა ჯგუფმა, რომელიც მას რამდენიმე წელი უთვალთვალებდა. თავად პოლიტიკოსმა დაასკვნა, რომ ასეთი ოპერაცია ვერ ჩატარდებოდა ფსბ-ს ხელმძღვანელის, ალექსანდრ ბორტნიკოვისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის სანქციის გარეშე.

ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციაში რუსეთის წარმომადგენლებს არაერთხელ განუცხადებიათ, რომ გერმანია, სადაც გაიარა ნავალნიმ მკურნალობის კურსი, პასუხს არ სცემს გენერალურ პროკურატურას. მოსკოვი ასევე ორგანიზაციის ტექნიკურ სამდივნოს ბრალს სდებს მიკერძოებულობაში.

XS
SM
MD
LG