Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელარუსი მესაზღვრეები მიგრანტებს საზღვრის გადალახვაში ეხმარებიან


პოლონეთის სასაზღვრო უწყებამ გამოაქვეყნა ვიდეოჩანაწერი, რომელზეც აღბეჭდილია, თუ როგორ ეხმარებიან ბელარუსი მესაზღვრეები მიგრანტებს პოლონეთთან დამაკავშირებელი საზღვრის გადალახვაში.


დაბალი ხარისხის ვიდეოზე ჩანს რამდენიმე ფორმიანი ადამიანი, რომელთაგან ერთს ზურგზე აქვს რუსულენოვანი წარწერა „საზღვრის სამსახური“. ისინი გვერდით მოჰყვებიან ზურგჩანთიან, სამოქალაქო სამოსში გამოწყობილ ადამიანებს, მიჰყავთ ისინი გარკვეულ ადგილამდე და უჩვენებენ მიმართულებას. კადრში ჩანს ასევე გერმანული ნაგაზი, რომელიც ფორმიანი ადამიანების გარშემო დარბის.


უცნობია, თუ სად არის ეს ვიდეო გადაღებული. თუმცა, კადრში ჩანს მავთულხლართების ღობე და რელსები, მაგრამ არსად ჩანს საზღვრის აღმნიშვნელი ნიშნები.
მანამდე პოლონელმა მესაზღვრეებმა ტვიტერში აჩვენეს ვიდეო, რომელზეც, მათი მტკიცებით, ბელარუსი მესაზღვრეები ეხმარებიან მიგრანტებს გადალახონ მავთულხლართიანი კედელი ბელარუს-პოლონეთის საზღვარზე, ასევე იცავენ იმ მოწყობილობასა და ინსტრუმენტებს, რომლებიც აუცილებელია საზღვრის უკანონო გადალახვისათვის.

2021 წლის ზაფხულიდან მკვეთრად გაიზარდა ძირითადად ერაყიდან და ახლო აღმოსავლეთიდან დაძრული მიგრანტების ნაკადი, რომელიც ბელარუსის გავლით ევროკავშირში გადასვლას ცდილობს.

ლატვიელი, ლიეტუველი და პოლონელი მესაზღვრეები ამაში ადანაშაულებენ ბელარუსის ხელისუფლებას, რომელსაც ფულითა და ტურისტული კომპანიების მეშვეობით ჩამოჰყავს დევნილები მინსკში, შემდეგ კი ისინი საზღვართან მიჰყავს.

ამ კადრებისგან ცალკე, ბელარუსის ოფიციალურმა ტელეარხმა „ბელარუს 1“-მა აჩვენა სიუჟეტი, რომელშიც ლეიტუვის საზღვართან აღმოჩენილი 29 წლის შრილანკელი ახალგაზრდის ცხედარზეა საუბარი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG