Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაპუაშვილის თქმით, ზუგდიდში ენმ-ის წარმომადგენლებმა ჩაშალეს საოლქო კომისიის მუშაობა


შალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი

ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე მმართველი პარტიის საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა შალვა პაპუაშვილმა ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში განვითარებული მოვლენების შესახებ საზოგადოებას გააცნო „ქართული ოცნების" პოზიცია.

„როგორც იცით, ჩვენი საჩივრის საფუძველზე, ზუგდიდის მე-11 მაჟორიტარულ ოლქში ბათილი ბიულეტენების გადათვლის შემდეგ, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატს 13 ხმა დაემატა, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს 1, ხოლო პარტიას „საქართველოსთვის“ - 2 ხმა. საბოლოოდ, „ქართული ოცნების“ კანდიდატს მხარი დაუჭირა 1193-მა ამომრჩეველმა, ენმ-ის კანდიდატმა - 1183, პარტია „საქართველოსთვის“ კანდიდატმა კი 507 ხმა მიიღო.

ბათილი ბიულეტენების გახსნამდე „ქართული ოცნების“ კანდიდატს, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი 2 ხმით უსწრებდა. ჩვენი გუნდის მაჟორიტარობის კანდიდატი სოსო გოგოხია ამტკიცებდა, რომ ბათილად იყო ცნობილი ისეთი ბიულეტენები, სადაც ამომრჩეველმა ნება დააფიქსირა, ამიტომაც ჩვენ უბნების ხელახალი გადათვლა მოვითხოვეთ. უბნების გადათვლით დადასტურდა, რომ ჩვენი კანდიდატის მოთხოვნა იყო საფუძვლიანი", - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

დეპუტატი გამოეხმაურა ოპოზიციური პარტიის მოქმედებასაც.

„რაც შეეხება ნაციონალური მოძრაობის ლიდერების ქმედებებს, რომელსაც ახლა ვაკვირდებით დღის განმავლობაში და მათ განცხადებებს, ჩვენ ვიხილეთ, როგორ ჩაშალეს მათ საოლქო საარჩევნო კომისიის საქმიანობა და საარჩევნო კომისიის ბრიფინგი. მოვისმინეთ მათი ბრალდებები, რომ თითქოს გადათვლა „ზონდერების მიერ ქურდულად მოხდა“. საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ უბნების გადათვლის პროცესს ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის სრული შემადგენლობა ესწრებოდა. აქედან გადათვლის შედეგებს მხარი დაუჭირა კომისიის 13 წევრმა, მათ შორის ოპოზიციის წარმომადგენლებმა, გარდა „ნაციონალური მოძრაობის“, „ევროპული საქართველოს“ და „ლელოს“ წარმომადგენლებისა, რომლებიც, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, სრულად ესწრებოდნენ გადათვლის პროცესს. ეს სამი პარტია რომ ზოგადად ერთნაირად იქცევა და ერთი პოლიტიკური გუნდია, სხვა დროსაც არაერთხელ დამტკიცდა და მათი ეს ქცევა და მათ შორის ამ კომისიაზე არდათანხმება გადათვლის შედეგებისადმი - ეს გასაკვირი არ არის. გადათვლას ასევე ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მათ შორის ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, საერთაშორისო გამჭვირვალობის და სამართლიანი არჩევნების დამკვირვებლები", - თქვა პაპუაშვილმა.

ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში ხმების გადათვლის შედეგად ერთ მაჟორიტარულ ოლქში სიტუაცია „ქართული ოცნების“ კანდიდატის სასარგებლოდ შეიცვალა. „ნაციონალური მოძრაობა“ პროკურატურაში ჩივილს აპირებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG