Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა ხდებოდა სანამ ბათუმში სახლი ჩამოინგრეოდა და რა იქნება ახლა?


ბათუმში შენობის ჩამონგრევის ადგილზე მოქალაქეები სანთლებს ანთებენ და ყვავილები მიაქვთ დაღუპულთა პატივსაცემად
ბათუმში შენობის ჩამონგრევის ადგილზე მოქალაქეები სანთლებს ანთებენ და ყვავილები მიაქვთ დაღუპულთა პატივსაცემად

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე 13 ნომერში, 24 საათზე მეტხანს, შეუსვენებლად გაგრძელდა სამძებრო-სამაშველო ოპერაცია, რათა ჩამოშლილი სახლის ნანგრევებში მოყოლილი ადამიანები გამოეყვანათ. მაშველებმა მხოლოდ 2 ცოცხალ ადამიანს მიაგნეს, მათგან ერთი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ნანგრევებიდან ამოასვენეს კიდევ 8 ადამიანის ცხედარი.

სახლის ფრაგმენტის ჩამოშლას წინ უსწრებდა პირველ სართულზე მიმდინარე რემონტი, რომელიც შესაძლებელია გამხდარიყო ნგრევის მიზეზი.

რა ხდებოდა პირველ სართულზე

2021 წლის 4 ოქტომბერს ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე სარდაფისა და ბინის გაერთიანების რეგისტრაციის მოთხოვნით საჯარო რეესტრს მიმართა 1975 წელს დაბადებულმა ზაურ ბუდაგოვმა.

8 სექტემბერს, როცა კორპუსის ნაწილი ჩამოიშალა, რეესტრიდან ანზორ ბუდაგოვმა უარი მიიღო. ჩამონგრეული სადარბაზოს მეზობლად მცხოვრებთა მონაყოლით ირკვევა, რომ 13 ნომერში სარემონტო სამუშაოები ჩამონგრევამდე დაახლოებით ერთი კვირით ადრე დაიწყო.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ არ დაურღვევია განაცხადის განხილვისთვის კანონით დადგენილი ვადა და ასეც არის, უწყებას 4 დღე ჰქონდა პასუხის გასაცემად. სააგენტოში ასევე განმარტავენ იმასაც, რომ მშენებლობის ნებართვას ეს უწყება არ გასცემს და მას მხოლოდ საკუთრების რეგისტრაცია შეუძლია.

„ზაურ ბუდაგოვმა მოითხოვა ბათუმში 26 მაისის ქუჩა, N 13, უძრავ რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია. განაცხადს თან ერთვოდა ნოტარიულად დამოწმებული, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის 100%-იანი კრების ოქმი, რომელსაც ხელს აწერდა ამხანაგობის თავმჯდომარე. ასევე, განაცხადს თან ერთვოდა სარდაფის აზომვითი ნახაზი და ზაურ ბუდაგოვის საკუთრებაში არსებული ბინის N1 ამონაწერი საჯარო რეესტრიდან“

ბუდაგოვმა უარი მიიღო: „ვინაიდან მოთხოვნილი იყო უძრავი ქონების ცვლილების რეგისტრაცია და არ იყო წარმოდგენილი ბინისა და სარდაფის ერთიანი აზომვითი ნახაზი.“

რადგანაც რეესტრის განცხადებაში წერია, რომ ამხანაგობის 100 % ხელს უწერდა ბუდაგოვს, დავუკავშირდით კორპუსის ამხანაგობის თავმჯდომარე მიხეილ თურმანიძეს, რათა გაგვეგო კონკრეტულად რას დასთანხმდა ამხანაგობა და იცოდნენ თუ არა მეზობლებმა დაგეგმილი სარემონტო სამუშაოების მასშტაბის შესახებ.

სადარბაზოს ამხანაგობა

მიხეილ თურმანიძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ამხანაგობამ ოქმი შეადგინა და მხოლოდ დაეთანხმა მეზობლის სარდაფის დაკანონებას, რაც მან 29 სექტემბერს, თურმანიძის თქმით, დაიკანონა კიდეც. ამხანაგობის თავმჯდომარისთვის უცნობია 4 ოქტომბერს რა განცხადებას დაურთო ოქმი ზაურ ბუდაგოვმა.

„სარდაფი იყო ეზოს მხრიდან მისი აივნის ქვეშ, რომელიც დაირეგისტრირა 29 სექტემბერს, 10 დღის წინ. 17,13 კვადრატული მეტრი, კენჭისყრის შედეგად ყველა წევრი თანახმა იყო, მისი აივნის ქვეშაა და წინააღმდეგი არავინ წასულა. საკუთრებაში დაურეგისტრირეთ სარდაფი, წარმოდგენილი აზომვითი ნახაზის შესაბამისად, რომელიც ოქმს თან ერთვის.“ - განაცხადა მიხეილ თურმანიძემ

მისი თქმით, ზაურ ბუდაგოვს იმავე სადარბაზოში მეორე ბინაც აქვს, რომელშიც საზოგადოებრივი ობიექტის მოწყობა უნდოდა. 2020 წელის 13 თებერვალს ამხანაგობა იმასაც დასთანხმდა, რომ ამ ბინაში მეზობელი ფანჯრების ნაცვლად ვიტრაჟსა და შესასვლელ კარს მოაწყობდა და მეზობლებმა ხელი მოაწერეს ოქმზე, იმ დათქმით, როგორც თავად ამბობენ, რომ რემონტი შეთანხმებული პროექტისა და ნებართვის საფუძველზე, სამშენებლო წესებისა და ნორმების დაცვით ჩატარდებოდა.

კორპუსის თავმჯდომარისთვის უცნობია რომელ ობიექტზე რა სახის სამუშაოებს აწარმოებდა ბუდაგოვი, რადგან სხვა სადარბაზოში ცხოვრობს და საღამოს საათებში სახლში მიისულს არასდროს არაფერი შეუმჩნევია. თუმცა ამბობს, რომ ამხანაგობის სახელით მას ხელი არ მოუწერია მეზობლის ფართების გაერთიანებაზე.

„მე რომ... რაიმე შემემჩნია ჩემი ძალით თუ არა პოლიციას გამოვიძახებდი და ესეთი რამე არ მოხდებოდა, “ - ამბობს ახლა თურმანიძე.

მერიის კომენტარი

სარემონტო სამუშაოებზე არაფერი იცის მერის მოვალეობის შემსრულებელმა.

ლელა სურმანიძე ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი
ლელა სურმანიძე ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი

„სახლის შიგნით სარემონტო სამუშაოებს მერიისგან ნებართვა არ ესაჭიროება. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის არც არავის მოუმართავს ნებართვისთვის და, შესაბამისად, არც გაგვიცია ნებართვა. არაფერი ვიცით, რა კეთდებოდა, რადგან შიგნით კეთდებოდა. მუნიციპალურ ინსპექციაში არ შესულა არანაირი საჩივარი. მე გადავამოწმე და არანაირი შეტყობინება არც წერილობითი, არც სატელეფონო არ შემოსულაო, მეუბნებიან.“- აცხადებს ლელა სურმანიძე

რას ამბობენ მეზობლები

ნანგრევები ნაპოვნი 43 წლის მაია შომახიას, რომლის ცხედარიც 12 წლის შვილთან ერთად ამოასვენეს, ოჯახის წევრი რადიო თავისუფლებას უყვება:

„ რომ ვურეკავდი ჩემი რძალი მეუბნებოდა, მზია, გამოაცალეს ყველაფერი, დაგვემხობა სახლი ჩავვარდებით ქვევითო და ასეც მოხდა.“

შემთხვევის ადგილზე მყოფი მცხოვრებლები თავისუფლების კორესპონდენტს უყვებიან იმასაც, რომ რემონტით და ხმაურით შეწუხებული ერთი მეზობელი დროებით სხვა ბინაშც გადავიდა.

ახლა, როცა მეზობლები ნგრევამდე პერიოდს იხსენებენ, ყვებიან, რომ რამდენჯერმე შელაპარაკებაც მოუვიდათ მეპატრონესთან, რადგან,მათი შეფასებით, მზიდი კედლები გამოიტანეს და საძირკველს საყრდენი ძელები ე.წ.„ბალკები“ გამოაცალეს.

შენობა 1978 წელს აშენდა და პროექტი შენობის 5 სართულს გულისხმობდა, თუმცა მშენებლობის დროსვე პროექტს მეექვსე სართული დაამატეს. 2000-იან წლებში კი სახლს კიდევ ერთი სართული დაადგეს. სადარბაზოს 5-6 წლის წინ დამატებით დატვირთვად ლიფტის კონსტრუქციაც მიადგეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიება

გამოძიების ვერსიითაც, სწორედ სარემონტო სამუშაოები გახდა სახლის ჩამონგრევის მიზეზი დაკავებულია ზაურ ბუდაგოვი და 2 მშენებელი.

„ ბინის მესაკუთრის მითითებით და უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევით საცხოვრებელ ბინაში სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები განხორციელდა, რამაც მიმდინარე წლის 8 ოქტომბერს საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზოს ჩამონგრევა გამოიწვია.“- წერია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება მიმდინარეობს სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის და სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტებზე, რომელსაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და მძიმე შედეგი მოჰყვა. ეს დანაშაულები 2-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით ისჯება

გარდაცვლილთა ხსოვნის პატივსაცემად 11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდა.

მეზობელ სადარბაზოებში მცხოვრებ 12 ოჯახს ნივთების გამოტანის საშუალება მისცეს. ისინი სასტუმროში გადაიყვანეს. სამაშველო სამუშაოების დასრულების შემდეგ გამოძიება ექპერტიზას შეუდგება, რომელშიც კონსტრუქტორები, გეოლოგები და სხვა ექსპერტები უნდა ჩაერთონ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG