Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსთავის ციხეში მიხეილ სააკაშვილის სანახავად დედა და შვილები მივიდნენ


საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სანახავად მისი დედა, გიული ალასანია მივიდა. რუსთავის პენიტენციურ სამსახურში შესვლაზე ნებართვას ის რამდენიმე დღე ელოდა.

სააკაშვილის დედასთან ერთად ციხეში მისი შვილები ნიკოლოზ და ედუარდ სააკაშვილებიც მივიდნენ. მათ მედიასთან მხოლოდ მცირე კომენტარი გააკეთეს და თქვეს, რომ ოჯახის მიზანია "იხილონ მიშა ჯანმრთელი და თავისუფალი".

ალასანიას რუსთავის ციხეში შესვლამდე კომენტარი არ გაუკეთებია. მისი შესვლა დროში ემთხვევა მიხეილ სააკაშვილის ექიმის განცხადებას, რომელიც შიმშილობის გამო მისი მდგომარეობის გართულებას შეეხებოდა.

დღეს უკვე მე-11 დღეა, რაც სააკაშვილი რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაშია. როგორც ადვოკატები აცხადებენ, ის ამ დრომდე შიმშილობს, რის გამოც მისი მდგომარეობა მძიმეა. საპასუხოდ, პენიტენციურ სამსახურში აცხადებენ, რომ პატიმრის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს, თბილისში დააკავეს და რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს. 1 ოქტომბერს დილიდან, „ქართული ოცნების“ ლიდერები და შსს აცხადებდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილს არ დაუტოვებია უკრაინის ტერიტორია და საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს, საღამოს კი, პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე გამოაცხადა, რომ სააკაშვილი დაკავებულია. ოფიციალურად ამ დრომდე უცნობია, რა გზით დაბრუნდა მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში.

მიხეილ სააკაშვილი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები საბოლოოა და არ საჩივრდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG