Accessibility links

site logo site logo

"ნატოსკენ სვლის განახლება" - რას უყურებს და რას ხედავს კრემლი საქართველოში?


მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერების აქცია რუსთავის ციხესთან. 6 ოქტომბერი, 2021 წ.

რუსეთში არ ცხრება ინტერესი მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებისა და დაჭერის ფაქტთან თუ მოვლენების სავარაუდო განვითარებასთან დაკავშირებით.

რუსულენოვანი მედია აქტიურად განიხილავს ამბებს საქართველოდან - მართავს დებატებს, დისკუსიებს, აქვეყნებს ინტერვიუებს, ბლოგებს. რუსეთის ხელისუფლების მხარდამჭერებისგან ისმის შეთქმულების თეორიებიც, როგორ "მოახვიეს საქართველოს ამერიკული გეგმები". ამ ყველაფრის ფონზე კი, მოსკოვი ირწმუნება, რომ სააკაშვილი მისთვის საინტერესო არ არის.

"ცირკი" და ჟირინოვსკი "დიდი კავკასიური ომის" მოლოდინში

„სადაც სააკაშვილია, იქ - ცირკია. მნიშვნელოვანია, რომ ეს ცირკი საფრთხეს არ წარმოადგენდეს იმ ქვეყნის მოქალაქეებისთვის, სადაც იმყოფება ეს ბატონი“ - რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის ეს კომენტარი ამ დღეებში მრავალჯერ გამოჩნდა სახელისუფლებო ტელეარხის, „რასია 24“-ის (Россия 24) ეთერში.

ერთ-ერთმა სატელევიზიო წამყვანმა კრემლის კომენტარს „მოკლე და გასაგები უწოდა“, თუმცა, თავად ამ ტელეკომპანიამ სააკაშვილის „ცირკს“ ათობით სიუჟეტი, გადაცემა თუ ინტერვიუ მიუძღვნა.

წამყვანები და კორესპონდენტები ამბობდნენ, რომ ანტირუსული განწყობების სააკაშვილმა 2008 წლის ომიც დასავლეთის იმედად წამოიწყო და საქართველოშიც ამავე მხარდაჭერის იმედით დაბრუნდა.

ხელისუფლებისგან მართული მედიასაშუალება ამ კონტექსტში, შემთხვევითად არც მიხეილ სააკაშვილისა და ლიზა იასკოს კავშირს მიიჩნევს. საგანგებოდ აღინიშნება, რომ:

„ელიზავეტა იასკომ ოქსფორდი დაამთავრა. ბრიტანეთში მას კავშირები აქვს. მას ახასიათებს ძლიერი რუსოფობია და ტელეარხზე „ალჯაზირა“ პროდიუსერობას უწევს ანტირუსულ პროპაგანდისტულ ფილმებს ყირიმის შესახებ“.

ბოლო დღეებში „რასია 24“-ის ეთერიდან სააკაშვილს ახასიათებდნენ როგორც „საქართველოსთვის - ქურდს და მკვლელს“, ხოლო „რუსეთისთვის - სამხედრო დამნაშავეს“. სტუდიაში რუსი პოლიტიკოსებისგან გაჟღერდა იდეაც, რომ - სააკაშვილი გასასამართლებლად ან მოსკოვს ან ცხინვალს უნდა გადაეცეს.

ამ დღეებში ცხინვალშიც ითქვა, რომ მზად არიან მიხეილ სააკაშვილის გასასამართლებლად.

დისკუსიებმა რუსეთში უფრო ემოციური და ღრმა სახეც მიიღეს. ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა, ვლადიმირ ჟირინოვსკიმ, რომელიც ექსპერტების დაკვირვებით, საჭირო დროსა და საჭირო ადგილას, სწორედ კრემლის მესიჯებს ახმოვანებს, საქართველოს თურქების ხელით განადგურება უწინასწარმეტყველა.

„სააკაშვილი რუსეთის მტერია... საქართველოს ახლა ყველაზე რთული ჟამი უდგას და დაშლის პირასაა. არ გამოვრიცხავ რუსთავის ციხის აღებას... სააკაშვილი მოძებნის საყრდენ წერტილს და მთელი ოპოზიცია შეერთდება. დიდი ალბათობით - ეს ბათუმში მოხდება. იქვე თურქეთია.

თურქი სამხედროები გადაცმულები იქნებიან ქართულ ფორმაში - დაიძვრებიან ფოთისკენ, ქუთაისისკენ და თბილისისკენ. საქართველოსგან აღარაფერი დარჩება. საქართველოს მხოლოდ მცირე ნაწილი შევა ნატოში და ევროკავშირში“ - განაცხადა პარტიული არხით (ЛДПР-ТВ) გამოსვლისას.

თუმცა მისი ეს კომენტარი სასწრაფოდ გაავრცელა Россия 24-მაც.

ჟირინოვსკის პროგნოზით, საქართველოში ვითარების დაძაბვა რეგიონს „დიდ კავკასიურ ომამდე“ მიიყვანს.

3+3, ამერიკა, სააკაშვილი და ივანიშვილი შევჩენკოს სცენარებში

ასევე კავკასიური ომის საფრთხეზე ლაპარაკობს ჟურნალისტი, ყოფილი პოლიტიკოსი მაქსიმ შევჩენკო, რომელიც მათ შორის - საქართველოს ოკუპაციასთან დაკავშირებით სრულად იზიარებს კრემლის პოზიციებს და არაერთხელ არის ნამყოფი ცხინვალსა თუ სოხუმში.

„ეხო მოსკვისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ის ამბობს, რომ საქართველოში სააკაშვილი ამერიკელებმა ჩამოიყვანეს, ანტირუსული კოალიციის შექმნისა და რუსეთის მიერ კავკასიაში მხარდაჭერილი ფორმატის „3+3“-ის (რუსეთი, თურქეთი, ირანი, აზერბაიჯანი, სომხეთი საქართველო) ჩაშლის მიზნით.

ანტიდასავლური განწყობებით გამორჩეული შევჩენკო, ახლა უკვე სააკაშვილის დაბრუნების კონტექსტში, მორიგ ჯერზე შიშობს, რომ საქართველო გაიღვიძებს და რუსეთი მას სამუდამოდ დაკარგავს.

„რაც ახლა საქართველოში ხდება, სააკაშვილის ჩამოსვლა - ეს არის სვლა თამაშში: რაღაცნაირად მძინარე, გაყინული საქართველოს გადაქცევა რადიკალურად ანტირუსულ ქვეყნად... ამ რიტორიკის განახლება, ნატოსკენ სვლის პროტოკოლის განახლება, ააფეთქებს რეგიონს“ - ამბობს შევჩენკო.

მის მიერ დახატული სცენარში ბიძინა ივანიშვილიც მონაწილეობს და ასე გამოიყურება:

  • სააკაშვილის საქართველოში გამოგზავნა ამერიკელების მიერ „მართვადი ქაოსის“ შექმნის მცდელობაა - „თამასა ძალიან მაღალია. საქმე შეეხება გეოპოლიტიკურ ძალაუფლებასა და დომინირებას“ და მათ შორის - რუსეთის იმპერიის აღდგენის ხელშეშლას;
  • ანტირუსული კონფლიქტური სიტუაციები შესაძლებელია მხოლოდ „საკმაოდ გავლენიანი“ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პირობებში და არა ბიძინა ივანიშვილის „ქართული ოცნების“ ხელში, რომლებიც რუსეთთან კონფლიქტს ერიდებიან;
  • ამიტომ ამერიკელებმა ბიძინა ივანიშვილს შესთავაზეს: ან კიდევ ერთ „ფერად რევოლუციას“ მოგიწყობთ, ან „ნაციონალებთან“ კოალიცია შეკარიო;
  • სააკაშვილი ამერიკელებმა გასწირეს და საქართველოში შემოიტყუეს, რომ ის ციხეში მოხვედრილიყო, რადგან მხოლოდ მისი დაკავების პირობებში იქნებოდა შესაძლებელი - „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ კოალიცია;
  • როცა „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეები ხალხმრავალ მიტინგებს მოაწყობენ - ბიძინა ივანიშვილი „თითქოს ძალდატანებით“ დასთანხმდება, რომ „ქართულმა ოცნებამ“ და ენმ-მა ანტირუსული კოალიცია შეკრან, რაც ამერიკის გეგმაში შედის;
  • ანტირუსული საქართველო სწრაფად შეუქმნის ბარიერებს ამერიკელებისთვის მიუღებელ „მშვიდობიანი ამიერკავკასიის“ კონცეფციას „3+3“, რომელზეც „თანახმაა ფაშინიანიც... და ბიძინასაც, მზაობა არ გამოუხატავს, მაგრამ არც აპროტესტებს“.

შევჩენკო თავისი სცენარის ლოგიკურობაში იმდენად დარწმუნებულია, რომ ძალიან უკვირს გადაცემის წამყვანის პერიოდული მსუბუქად სკეპტიკური, დამაზუსტებელი შეკითხვები.

კაცი და რუსეთისა და საქართველოს ხელისუფლებების თავსატეხი

ყოფილმა პოლიტიკოსმა და წამყვანმა მაქსიმ კაცმა, რომლის იუთუბარხსაც 810 ათასი ხელმომწერი ჰყავს, 9 ოქტომბერს, სააკაშვილის ბიოგრაფიასა და მის მიერ საქართველოში გატარებულ რეფორმებს 40-წუთიანი გადაცემა მიუძღვნა. ვიდეო თითქმის 185 ათასმა ადამიანმა ნახა და 1600-ზე მეტმა კომენტარიც დატოვა.

ვიდეობლოგის მიზნად მაქსიმ კაცი ასახელებს იმის ჩვენებას - „თუ რატომ არ უყვართ და ეშინიათ [სააკაშვილის] როგორც რუსეთის, ასევე საქართველოს ხელისუფლებას“.

  • ავტორი ამბობს, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გრანტით ამერიკაში მიღებული განათლება სააკაშვილს რუსეთის პროპაგანდამ ჩაუთვალა „უტყუარ მტკიცებულებად იმისა, რომ ის მიეყიდა საზიზღარ ამერიკელებს რუსეთისგან საქართველოს საბოლოოდ ჩამოშორებისთვის“ და ასე გრძელდება დღემდე.
  • თბილისის თავსატეხად კი, ავტორი მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ „პოსტსაბჭოთა სივრცეში ყველაზე არაორდინარულ“ და აქტიურ სააკაშვილს საქართველოში სტაბილური მომხრეების საკმაოდ მრავალრიცხოვანი არმია ჰყავს და ისინიც კი, ვისაც ხელისუფლებაში მისი დაბრუნება არ უნდა, არასოდეს ისურვებდნენ საქართველოს ხილვას 2003 წლამდე არსებულ საშინელ ვითარებაში - „მესამე ქვეყნის“ რანგში.

უნდა ითქვას, რომ მაქსიმ კაცის მოსაზრებები არცთუ იშვიათად განსხვავდება საქართველოს მოქალაქეების პოზიციებისგან. მაგალითად, ის თვლის, რომ აგვისტოს ომი საქართველომ დაიწყო, ხოლო რუსეთმა მას მხოლოდ უპასუხა.

აშკარად ჩანს, რომ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებასა და დაჭერას რუსეთში მხოლოდ მეზობელი ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრების ნაწილად არ განიხილავენ.

რუსული მედიის ახალი ამბების ნაწილია საქართველოს მესამე პრეზიდენტის შიმშილობის დღეების ათვლა, თაფლის ჭამის გარშემო გაჩაღებული დავა, ხელისუფლების განცხადებები თუ ადვოკატების მიერ ციხიდან გამოტანილი ამბები.

„რასია 24“-ის ეთერში განიხილავდნენ სააკაშვილის "ალკოჰოლზე და ნარკოტიკებზე დამოკიდებულებას". წამყვანები თუ სტუმარი პოლიტიკოსები ირწმუნებოდნენ, რომ სააკაშვილმა დაჭერისას, ხელებზე ბორკილებდადებულმა არყის ბოლო ჭიქაც სასწრაფოდ გადაჰკრა.

საქართველოს შსს-ს მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაში ისმის, რომ სააკაშვილი სამართალდამცველებისგან წყლის დალევის ნებართვას ითხოვს.

სიტყვა „წყალი“ ამ დღეებში რუსეთის სხვა მედიასაშუალებებმაც ბრჭყალებში ჩასვეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG