Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იუსტიციის სამინისტრო სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხზე ითხოვს ექიმთა ჯგუფის გამოყოფას


საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ განცხადებას აქვეყნებს იუსტიციის სამინისტრო. როგორც ის აღნიშნავს, მისი მიზანია საზოგადოებას ჰქონდეს სრულყოფილი, ამომწურავი და ობიექტური ინფორმაცია მსჯავრდებულ/ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილის უფლებრივი მდგომარეობისა და ჯანმრთელობის შესახებ.

იუსტიციის სამინისტრო მიმართავს თხოვნით პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძეს და პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძეს, რომ საზოგადოებისთვის პროცესის მეტი გამჭვირვალობისთვის განახორციელონ პატიმრის უფლებების დაცვის მონიტორინგი. გარდა ამისა, ის მიმართავს თანამშრომლობის თხოვნით სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას;

იუსტიციის სამინისტრო სთხოვს ჯანდაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს, პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლისა და დეტალური ანალიზის მიზნით გამოიყოს ექიმების მულტიფუნქციური ჯგუფი. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მედიკოსების ჯგუფის მიზანი იქნება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის პერიოდული დაკვირვება და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი რეკომენდაციების წარმოდგენა.

სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით 10 ოქტომბერს, ტელეკომპანია "მთავარი არხის" ეთერში მისმა პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა, რომ მესამე პრეზიდენტის ჯამრთელობის მდგომარეობა სულ უფრო მძიმდება. ამ საკითხს მეორე დღეს, 11 ოქტომბერს გამოეხმაურა სააკაშვილის ადვოკატი ნიკა გვარამია და თქვა, რომ მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და "სიკვდილს არ აპირებს".

მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულია ორ საქმეზე, ორზე კი ბრალდებულია. ყოფილი პრეზიდენტი დაკავებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს და პროტესტის ნიშნად შიმშილობს.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს, თბილისში დააკავეს და რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს. 1 ოქტომბერს დილიდან, "ქართული ოცნების" ლიდერები და შსს აცხადებდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილს არ დაუტოვებია უკრაინის ტერიტორია და საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს, საღამოს კი, პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე გამოაცხადა, რომ სააკაშვილი დაკავებულია. მოგვიანებით, "ქართული ოცნების" წარმომადგენლები ამტკიცებდნენ, რომ შსს საგანგებოდ არ ავრცელებდა რეალურ ინფორმაციას, რათა ხელი არ შეშლოდა მიხეილ სააკაშვილის დაკავების ოპერაციას.

XS
SM
MD
LG