Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

WHO-მ გამოაცხადა ახალი ჯგუფის შესახებ, რომელიც COVID-19-ის წარმომავლობას შეისწავლის


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) ოთხშაბათს განაცხადა, რომ მის მიერ ახლახან შექმნილი საკონსულტაციო ჯგუფი, რომელიც სახიფათო პათოგენებზე მუშაობს, შესაძლოა „ჩვენი ერთადერთი შანსი“ იყოს COVID-19-ის გამომწვევი ვირუსის, SARS-CoV-2-ის წარმომავლობის დასადგენად და ჩინეთს მოუწოდა თანამშრომლობისკენ.

COVID-19-ით დაავადების შემთხვევები პირველად ჩინეთში დაფიქსირდა 2019 წლის დეკემბერში. პეკინმა არაერთხელ უარყო თეორიები, რომ თითქოს ვირუსმა ჩინეთის ქალაქ ვუჰანის ლაბორატორიიდან გაჟონა და აცხადებს, რომ WHO-ს ექსპერტების მხრიდან შემოწმება აღარაა საჭირო.

მიმდინარე წლის დამდეგს WHO-ს ჯგუფმა ოთხი კვირა გაატარა უჰანსა და მის შემოგარენში ჩინელ მეცნიერებთან ერთად და მარტში ერთობლივ ანგარიშში განაცხადა, რომ ვირუსი, როგორც ჩანს, ღამურებიდან გადავიდა ადამიანზე სხვა ცხოველის გავლით, მაგრამ დაასკვნა, რომ საჭიროა შემდგომი კვლევა.

WHO-მ ოთხშაბათს დაასახელა 26 მეცნიერი, რომელიც სავარაუდოდ შევა მის „ახალი პათოგენების წარმომავლობის სამეცნიერო-საკონსულტაციო ჯგუფში“ (SAGO).

მარია კერკჰოვემ, COVID-19-ის საკითხებში WHO-ს ტექნიკურმა ხელმძღვანელმა, იმედი გამოთქვა, რომ შემდგომშიც იქნება საერთაშორისო მისიები ჩინეთში. პრესკონფერენციაზე მან თქვა, რომ საჭიროა „სამ ათეულზე მეტი რეკომენდებული კვლევის“ ჩატარება, რათა დადგინდეს, როგორ გადავიდა ვირუსი ცხოველიდან ადამიანზე.

როგორც საგანგებო ვითარებებში WHO-ის წამყვანმა ექსპერტმა, მაიკ რაიანმა თქვა, ახალი კომისია შეიძლება უკანასკნელი შანსი იყოს SARS-CoV-2-ის წარმომავლობის დასადგენად, „ვირუსისა, რომელმაც მთელი მსოფლიო გააჩერა.“

XS
SM
MD
LG