Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში, საქართველოს საელჩოსთან გააპროტესტეს მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრება


კიევში, საქართველოს საელჩოსთან საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებმა მისი დაპატიმრება გააპროტესტეს. მათ მიმართეს დიპლომატიურ წარმომადგენლობას მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით. აქციის მონაწილეები სანდირებდნენ: „თავისუფლება სააკაშვილს!“

აქციაში მონაწილეობდა მამუკა მამულაშვილი, ქართული ლეგიონის ხელმძღვანელი.

„ქართული ლეგიონი ყოველთვის იბრძოდა უსამართლობის წინააღმდეგ, ამიტომაც, პირველ რიგში, ჩვენ ვიმყოფებით უკრაინაში. ახლა უკვე ამ უსამართლობამ მეცხრე წელია, საქართველოში გადაინაცვლა. ასე რომ, დღეს ვაპროტესტებთ საქართველოს მესამე პრეზიდენტის დაპატიმრებას, რომელიც პრაქტიკულად საქართველოს პრორუსული ხელისუფოლების ტყვეობაში იმყოფება“, - თქვა მან.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ 13 ოქტომბერს კიევში გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ უკრაინის დიპლომატებს მუდმივი კავშირი აქვთ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან. მისი თქმით, უკრაინა საკუთარ მოქალაქეებს გასაჭირში არ ტოვებს და უკრაინის ხელისუფლება განიხილავს, რა გზით იმოქმედოს სააკაშვილთან დაკავშირებით.

მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულია ორ საქმეზე, ორზე კი ბრალდებულია. ყოფილი პრეზიდენტი დაკავებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს და პროტესტის ნიშნად შიმშილობს.

სააკაშვილი 1 ოქტომბერს, თბილისში დააკავეს და რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს. 1 ოქტომბერს დილიდან, "ქართული ოცნების" ლიდერები და შსს აცხადებდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილს არ დაუტოვებია უკრაინის ტერიტორია და საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს, საღამოს კი, პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე გამოაცხადა, რომ სააკაშვილი დაკავებულია. მოგვიანებით, "ქართული ოცნების" წარმომადგენლები ამტკიცებდნენ, რომ შსს საგანგებოდ არ ავრცელებდა რეალურ ინფორმაციას, რათა ხელი არ შეშლოდა მიხეილ სააკაშვილის დაკავების ოპერაციას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG