Accessibility links

site logo site logo

შსს: წესრიგის და უსაფრთხოების დასაცავად მობილიზებულია შსს-ს სხვადასხვა დანაყოფი


თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ოპოზიციის ნაწილი აქციას მართავს, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფი, მათ შორის, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლები, საზოგადოების წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით არიან მობილიზებულები. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს.

უწყება არ აკონკრეტებს, რა რაოდენობის სამართალდამცავია მობილიზებული აქციაზე წესრიგისა და უსაფრთხოების დასაცავად.

ავტობუსები, რომლებშიც სამართალდამცავები სხედან, განთავსებულია პარლამენტის შენობასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ეზოში.

თბილისში, თავისუფლების მოედანზე, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ოპოზიციის ნაწილი და ამ მოთხოვნის მხარდამჭერი ადამიანები იკრიბებიან. აქცია 18:00 საათზე დაიწყება.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი პირველ ოქტომბერს, თბილისში დააკავეს. დაკავებამდე რამდენიმე საათით ადრე, მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუკზე დაწერა, რომ ის საქართველოშია და მალევე ამის დასადასტურებლად ვიდეოებიც გამოაქვეყნა.

პირველ ოქტომბერს, დღის პირველ ნახევარში, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო, ისე ხელისუფლების წარმომადგენლები დაჟინებით იმეორებდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილს არ გადმოუკვეთავს საქართველოს საზღვარი და არ დაუტოვებია უკრაინის ტერიტორია.

საღამოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო ბრიფინგზე კი ცნობილი გახდა, რომ მიხეილ სააკაშვილი თბილისში დააკავეს.

მიხეილ სააკაშვილი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები საბოლოოა და არ საჩივრდება.

რაც შეეხება საქმეებს, რომლებშიც მიხეილ სააკაშვილი არის ბრალდებული, პროკურატურის განცხადებით, ეს არის „ტელეიმედის“ დარბევის, 7 ნოემბრის დარბევის და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების, აგრეთვე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი - 8 მილიონ ლარზე მეტის მისი პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტები. ამ საქმეებზე მიმდინარეობს განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში.

მიხეილ სააკაშვილი მეცამეტე დღეა შიმშილობს რუსთავის #12 პენიტენციურ დაწესებულებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG