Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთის პრეზიდენტმა „უპატიებელი“ უწოდა პოლიციის ქმედებას პარიზში 1961 წელს


საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, „უპატიებელი“ უწოდა პოლიციის მოქმედებას 60 წლის წინ, პარიზში, როცა სასტიკად იქნა ჩახშობილი საპროტესტო გამოსვლები.

ალჟირული წარმოშობის მოქალაქეებმა პარიზის სენ-მიშელის ხიდთან 1961 წლის ოქტომბერში გამართეს მანიფესტაცია და საფრანგეთის მთავრობისგან ალჟირში საომარი მოქმედებების შეწყვეტა მოითხოვეს.

1961 წლის ტრაგედიის დეტალები ათწლეულების განმავლობაში იმალებოდა, დღემდე არ არის ცნობილი მოკლულთა ზუსტი რიცხვი. ოფიციალური ვერსიით, შეტაკებების დროს, ათეულობით პირი დაიღუპა, ხოლო ისტორიკოსები თვლიან, რომ მათი რიცხვი ასეულებს აღწევს.

ალჟირელი მანიფესტანტების სასტიკი განდევნის ბრძანება გასცა პარიზის პოლიციის პრეფექტმა, მორის პაპონმა. 38 წლის შემდეგ ის გაასამართლეს მეორე მსოფლიო ომის დროს საფრანგეთის ნაცისტურ რეჟიმთან თანამშრომლობის დროს კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულისთვის.

მაკრონი პირველი ფრანგი პრეზიდენტია, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ხსოვნის ცერემონიაში. ის გაიმართა 1961 წელს ალჟირელი დემონსტრანტების დაღუპვის ადგილას.

მიუხედავად ამისა, ოფიციალური ბოდიში პოლიციის სასტიკი ქმედებისთვის მას არ მოუხდია, რაც, მოსალოდნელიც იყოო, წერს RFI-ი.

დემონსტრაციების დროს გადარჩენილები, ასევე მათი შვილები და შვილიშვილები დაბეჯითებით მოითხოვენ საფრანგეთის ხელისუფლებისგან, პასუხისმგებლობა იკისროს მომხდარის გამო.

მაკრონის გამოსვლა 16 ოქტომბერს შედგა მაშინ, როცა პარიზსა და ალჟირს შორის გრძელდება დიპლომატიური კონფლიქტი, რომელიც ოქტომბრის დასაწყისში წარმოიქმნა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ქვეყნის ალჟირელ ახალგაზრდებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ალჟირის ხელმძღვანელობამ თავისი ქვეყნის „ოფიციალური ისტორია“ სხვაგვარად დაწერა და მასში ჩადო „საფრანგეთისადმი სიძულვილი“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG