Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟოზეფ ბორელი იმედოვნებს, რომ ირანის შესახებ მოლაპარაკება მალე განახლდება


ჟოზეფ ბორელი
ჟოზეფ ბორელი

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელი, ჟოზეფ ბორელი გამოთქვამს იმედს, რომ ბლოკის დიპლომატები უახლოეს დღეებში შეხვდებიან ირანელ კოლეგებს, რითაც გაგრძელდება ძალისხმევა ირანსა და მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს შორის 2015 წელს გაფორმებული ბირთვული ხელშეკრულების აღსადგენად.

"წინასწარ თქმა ძნელია ხოლმე, დღეს უფრო ოპტიმისტურად ვარ, ვიდრე გუშინ", - განაცხადა ბორელმა 18 ოქტომბერს, ერთ დღეში მას შემდეგ, რაც ირანელმა დეპუტატმა მოიყვანა საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანის სიტყვები, რომ ბრიტანეთთან, ჩინეთთან, საფრანგეთთან, რუსეთსა და აშშ-სთან მოლაპარაკება ბელგიის დედაქალაქში 21 ოქტომბერს განახლდება.

"საბოლოო დასტური ჯერჯერობით არ გვაქვს, მაგრამ ვითარება უმჯობესდება და იმედი მაქვს, მომავალ დღეებში ბრიუსელში მოსამზადებელ შეხვედრებს გავმართავთ", - უთხრა ბორელმა ჟურნალისტებს ლუქსემბურგში.

2015 წლის ხელშეკრულებით თეირანს მოეხსნა საერთაშორისო სანქციების ნაწილი, ბირთვული პროგრამის შეზღუდვის სანაცვლოდ. ხელშეკრულებას დარტყმა მიაყენა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის 2018 წლის გადაწყვეტილებამ, აშშ შეთანხმებიდან ცალმხრივად გამოეყვანა და ირანისთვის აღედგინა მკაცრი სანქციები. ამის პასუხად ირანმა თანდათან სულ უფრო მეტად დაიწყო ნაკისრი პასუხისმგებლობების დარღვევა.

ვენაში ექვსი თვის წინ დაიწყო ირიბი მოლაპარაკება ორ მხარეს შორის, შუამავლების - ბრიტანეთის, ჩინეთის, საფრანგეთის, გერმანიისა და რუსეთის - მეშვეობით, მაგრამ მოლაპარაკება შეწყდა მას შემდეგ, რაც ივნისში ირანის პრეზიდენტად კონსერვატორი ებრაჰიმ რაისი აირჩიეს.

XS
SM
MD
LG