Accessibility links

site logo site logo

ტელეკომპანია „იმედი" მეორე ტურის წინ კვლავ „საგანგებო რეჟიმზე" გადადის


მუნიციპალური არჩევნების მეორე ტურის შესახებ განცხადებას აქვეყნებს ტელეკომპანია „იმედი". მისი სამიზნე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა". ტელეარხი იმეორებს პარტია „ქართული ოცნების" გზავნილს, რომლის თანახმად, ოპოზიციურმა პარტიამ არცერთ მუნიციპალიტეტში არ უნდა გაიმარჯვოს.

„ნაციონალური მოძრაობა" ისევ რევანშისთვის ემზადება, რომ რომელიმე მუნიციპალიტეტში მაინც მოიგოს მერის არჩევნები, სადაც რევოლუციური შტაბისა და დესტრუქციის კერის შექმნას შეეცდება.

„იმედი" დგას იქ, სადაც აქამდე იდგა და ამ არჩევნების წინაც, ჩვენი სარედაქციო პოზიცია იქნება სახელმწიფოებრივი ინტერესებით ნაკარნახევი და საზოგადოებისთვის გამჭვირვალე.
ჩვენ კარგად ვიცით, რას ნიშნავს "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობა ხალხისთვის და მედიისთვის და ვერ დავუშვებთ მის რევანშს. „იმედი", როგორც ამ ბრძოლის სიმბოლო, მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის, ზუსტად ისე, როგორც 2018 წელს, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ. მიგვაჩნია, რომ სისხლიანი რეჟიმის სიმბოლოები და სახეები არ უნდა ფიქრობდნენ ძალაუფლების დაბრუნებაზე, არამედ ისინი უნდა იხდიდნენ სასჯელს დანაშაულებისთვის სასამართლო განაჩენის შესაბამისად", - ვკითხულობთ განცხადებაში.

„იმედი" აცხადებს, რომ ბრძოლის წინა ხაზზე იქნება და ყოველდღიურად სპეციალური ეთერი დაეთმობათ ადამიანებს, „რომლებსაც სააკაშვილის რეჟიმმა უმძიმესი მორალური ზიანი მიაყენა".

დღეიდან "იმედი" ბრძოლის წინა ხაზზე იქნება. ყოველდღე, გვიან ღამემდე, საინფორმაციო ეთერი, პოლტიკური თოქშოუები დაეთმობა ადამიანებს, რომლებსაც სააკაშვილის რეჟიმმა უმძიმესი მორალური ზიანი მიაყენა.

30 ოქტომბერს 5 თვითმმართველ ქალაქში, 15 მუნიციპალიტეტში და 24 საარჩევნო ოლქში მუნიციპალიტეტის არჩევნების მეორე ტური გაიმართება. მოქალაქეები 20 მერსა და საკრებულოების 42 მაჟორიტარ წევრს აირჩევენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG