Accessibility links

site logo site logo

ევროკავშირი: 21 ოქტომბერს არ გაიმართება ირანთან მოლაპარაკება


ჟოზეფ ბორელი

ევროკავშირის განცხადებით, 21 ოქტომბერს ბრიუსელში არ არის დანიშნული ირანთან შეხვედრა, რომლის თემაც უნდა ყოფილიყო მოლაპარაკების განახლება 2015 წლის ბირთვული ხელშეკრულების აღდგენის შესახებ. ევროკავშირის ეს ცნობა წინააღმდეგობაში მოდის ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მანამდე გაკეთებულ განცხადებასთან.

"ხუთშაბათს შეხვედრა არ გაიმართება" - უთხრა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელის, ჟოზეფ ბორელის პრესმდივანმა, ნაბილა მასრალიმ სააგენტო "ფრანს პრესს" 18 ოქტომბერს. "ამ ეტაპზე ვერ ვადასტურებთ როდის, ან საერთოდ თუ გაიმართება შეხვედრა" - დასძინა მან.

მანამდე, 18 ოქტომბერს ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა, საედ ხატიბზადემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ბირთვულ საკითხებში ირანის მთავარი მომლაპარაკებელი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალი ბაღერი 21 ოქტომბერს ბრიუსელში ჩავიდოდა და ბრიტანეთის, ჩინეთის, საფრანგეთის, რუსეთის და გერმანიის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებას გამართავდა თეირანსა და მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს შორის 2015 წელს გაფორმებული ბირთვული ხელშეკრულების აღდგენის შესახებ.

ასევე 18 ოქტომბერს ბორელმა იმედი გამოთქვა, რომ ბლოკის დიპლომატები მომავალ დღეებში შეხვდებოდნენ ირანელ კოლეგებს, თუმცა ზუსტი თარიღი არ უთქვამს. "წინასწარ თქმა ძნელია ხოლმე, დღეს უფრო ოპტიმისტურად ვარ, ვიდრე გუშინ", - განაცხადა ბორელმა 18 ოქტომბერს. "საბოლოო დასტური ჯერჯერობით არ გვაქვს, მაგრამ ვითარება უმჯობესდება და იმედი მაქვს, მომავალ დღეებში ბრიუსელში მოსამზადებელ შეხვედრებს გავმართავთ", - უთხრა ბორელმა ჟურნალისტებს ლუქსემბურგში.

2015 წლის ხელშეკრულებით თეირანს მოეხსნა საერთაშორისო სანქციების ნაწილი, ბირთვული პროგრამის შეზღუდვის სანაცვლოდ. ხელშეკრულებას დარტყმა მიაყენა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის 2018 წლის გადაწყვეტილებამ, აშშ შეთანხმებიდან ცალმხრივად გამოეყვანა და ირანისთვის აღედგინა მკაცრი სანქციები. ამის პასუხად ირანმა თანდათან სულ უფრო მეტად დაიწყო ნაკისრი პასუხისმგებლობების დარღვევა.

ვენაში ექვსი თვის წინ დაიწყო ირიბი მოლაპარაკება ორ მხარეს შორის, შუამავლების - ბრიტანეთის, ჩინეთის, საფრანგეთის, გერმანიისა და რუსეთის - მეშვეობით, მაგრამ მოლაპარაკება შეწყდა მას შემდეგ, რაც ივნისში ირანის პრეზიდენტად კონსერვატორი ებრაჰიმ რაისი აირჩიეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG