Accessibility links

site logo site logo

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭომ "აღმოსავლეთის პარტნიორებზე" იმსჯელა


„აღმოსავლეთის პარტნიორობის“ ქვეყნებთან ურთიერთობა იყო ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებმა იმსჯელეს ლუქსემბურგში, 18 ოქტომბერს გამართულ სხდომაზე.

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა განაცხადა, რომ „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ წარმატებისთვის ევროკავშირის პარტნიორებს სჭირდებათ მკაფიო პერსპექტივა და არ უნდა შეაკავონ ის ქვეყნები, რომლებსაც აქვთ უფრო სწრაფი წინსვლის სურვილი და მზადყოფნა. ლანდსბერგისის თანახმად, საქართველოსთან, მოლდოვასა და უკრაინასთან პოლიტიკური ასოციაცია და ეკონომიკური ინტეგრაცია ევროკავშირის ინტერესებშიცაა.

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემაჯამებელი განცხადების თანახმად, მინისტრებმა ერთმანეთს გაუზიარეს მოსაზრებები „აღმოსავლეთის პარნტიორობასთან“ ევროკავშირის ურთიერთობებზე ნოემბერსა და დეკემბერში დაგეგმილი მინისტერიალისა და „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ სამიტისთვის მზადების ფარგლებში.

მინისტრებმა განიხილეს რთული გეოპოლიტიკური კონტექსტი, რომელსაც ზოგიერთი პარტნიორი ქვეყანა აწყდება და შეთანხმდნენ, რომ ევროკავშირი გააგრძელებს ბიძგის მიცემას ისეთი ფუნდამენტური ფასეულობებისთვის, როგორიცაა დემოკრატია, ადამიანის უფლებები, კანონის უზენაესობა და კორუფციასთან ბრძოლა. ამასთან, ევროკავშირი ისევ ფოკუსირებული იქნება გრძელვადიან სოციალურ-ეკონომიკურ აღდგენაზე, რათა მისი მდგრადობის და ინკლუზიურობის უზრუნველყოფამ ადამიანებს კონკრეტული შედეგები მოუტანოს.

"აღმოსავლეთის პარნტიორობის" მონაწილეები 2009 წლიდან არიან საქართველო, მოლდოვა, უკრაინა, ბელარუსი, სომხეთი და აზერბაიჯანი. ევროკავშირის ამ ინიციატივის მიზანია 6 პოსტსაბჭოთა ქვეყანასთან თანამშრომლობის გაღრმავება.

ევროკავშირის მიერ დაწესებული მკაცრი ეკონომიკური სანქციების საპასუხოდ, ბელარუსის ხელისუფლებამ 2021 წლის ივნისში გამოაცხადა, რომ პროგრამაში მონაწილეობას აჩერებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG