Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლაშა ძებისაშვილი: აშშ-ის თავდაცვის მინისტრის ვიზიტი გზავნილია, რომ საქართველომ ქმედითი ნაბიჯები გადადგას თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად


ლაშა ძებისაშვილი, საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი
ლაშა ძებისაშვილი, საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი

საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი, ლაშა ძებისაშვილი რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ აშშ-ის თავდაცვის მინისტრის, ლოიდ ოსტინის ვიზიტის ძირითადი გზავნილების შეფასებისას ამბობს, რომ პოლიტიკური გზავნილის უკან იმალება მოწოდება იმისკენ, რომ საქართველომ რეალური ნაბიჯები გადადგას თავისი თავდაცვის უზრუნველყოფის თვალსაზრისით. კონკრეტულად „საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივის“ კომენტირებისას, ლაშა ძებისაშვილმა თქვა, რომ იგი მოხარულია ამ ინიციატივის გაჟღერებით:

„წინა წლებში გამოცხადებული GDRP-ის პროგრამა, საქართველოს თავდაცვის და მზადყოფნის პროგრამა, რომელიც ითვალისწინებდა 9 ბატალიონის მომზადებას და მათ შენარჩუნებას, 2021 წელში მთავრდება და ლოგიკურად ისმოდა კითხვა, რა მოხდებოდა შემდეგ… შესაბამისად, როცა ეს პროგრამა მთავრდებოდა, ლოგიკურად მიჩნდებოდა კითხვა, რომ თუ წინა პროგრამაზე მზადყოფნაზე კეთდებოდა აქცენტი, ანუ არსებული ქვედანაყოფების საბრძოლო მზადყოფნის გაუმჯობესებაზე, რაც კარგი იყო, ეხლა საუბარი არის შეკავების პროგრამაზე“, - განაცხადა ლაშა ძებისაშვილმა, რომელმაც გადაცემაში ვრცლად ისაუბრა კონკრეტულად „შეკავების“ მნიშვნელობაზე. მისი თქმით, ტერმინი detennence, რომელიც ინიციატივის ინგლისურ დასახელებაში ფიგურირებს, უფრო ფართოა, ვიდრე უბრალოდ „შეკავება“ და დაშინება-შეკავებას გულისხმობს:

„ანუ ეს ნიშნავს, რომ ჩვენ იმდენად ვაშინებთ მტერს ჩვენი შესაძლებლობებით, რომ ის თავს იკავებს, რომ თავს დაგვესხას. ეს არის ძირითადი ფუნქცია“, - განაცხადა ლაშა ძებისაშვილმა „დილის საუბრებში“. მისი თქმით, ყველა განვითარებულ სახელმწიფოს აქვს შეკავებისა და თავდაცვისა და ბრძოლის წარმოების ფუნქცია და ამ მიმართულებებით საქართველოს ბევრი აქვს გასაკეთებელი:

„ჩვენს შემთხვევაში პირველი ფუნქცია პრაქტიკულად ნულამდეა დასული იმიტომ, რომ ჩვენ ვართ ყველაზე სუსტები რეგიონში, მით უმეტეს, ყარაბაღის ომმა კიდევ ერთხელ გვაჩვენა, თუ რა მიმართულებით და რა დონეზე არიან ასულები ჩვენი მეზობლები, რუსეთზე საერთოდ არ არის საუბარი და რომ შევადაროთ ეხლა ჩვენი რაოდენობრივი და თვისობრივი მაჩვენებლები ჩვენს მეზობლებთან, მარტივად დაინახავთ, რომ ჩვენ ბოლოში ვართ“, - განაცხადა ლაშა ძებისაშვილმა, რომელმაც გადაცემაში ყურადღება გაამახვილა ასევე თავდაცვის სფეროს საბიუჯეტო დაფინანსებაზე და მისი გაზრდის აუცილებლობაზე ისაუბრა:

„მე იმის თქმა არ მინდა, რომ ჩვენ ცუდ დღეში ვართ. ჩვენ ნორმალურ, კარგ დღეში ვართ, მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, არ არის საკმარისი იმისთვის, რომ გაცილებით ვჯობნიდეთ მას [რუსეთს] და ამ უპირატესობით გამოვიწვიოთ ის, რომ დაფიქრდეს, ღირს თუ არა საქართველოზე შეტევის განხორციელება. სწორედ ამ თვალსაზრისით შეკავებაზე გამახვილება ამ პროგრამაში მე იმედს მიტოვებს, რომ როგორც რაოდენობრივი თვალსაზრისით, ასევე ხარისხობრივად გავუმჯობესდებით. და აქ, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ფუძემდებლურია და პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ საგრძნობლად გამოყოს საჭირო რესურსები, ფინანსური რესურსები გრძელვადიან პერსპექტივაში იმისთვის, რომ შეკავების პრინციპი და ბრძოლისუნარიანობის საგრძნობი ზრდა იქნეს გარანტირებული როგორც მინიმუმ მომდევნო 5 წლის განმავლობაში. სხვა შემთხვევაში, რასაც ჩვენ ვუყურებთ, 2022 წლის ბიუჯეტის პროექტს, 918 მილიონი ლარი არის გამოყოფილი, ეს არის დაცინვა ჩემი გადმოსახედიდან, იმ რეალობიდან გამომდინარე, რის წინაშეც ჩვენ ვდგავართ“, - განაცხადა ლაშა ძებისაშვილმა „დილის საუბრებში“.

აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა თბილისში შეხვედრები 18 ოქტომბერს გამართა. მან საქართველოდან დაიწყო ვიზიტი შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებში. ლოიდ ოსტინი უკრაინასა და რუმინეთსაც ეწვევა და ევროპულ ტურნეს დაასრულებს ბრიუსელში, სადაც ნატოს წევრი სახელმწიფოების თავდაცვის მინისტრების სხდომაა დაგეგმილი.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ლოიდ ოსტინი თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე 2020 წლის დეკემბერში წარადგინა. ოსტინი უფლებამოსილების შესრულებას ოფიციალურად შეუდგა 2021 წლის 22 იანვრიდან, სენატის მიერ მისი კანდიდატურის დამტკიცების შემდეგ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG