Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დეპუტატი ჩიქოვანი: სხვისთვის ხმის მიცემა დემოკრატიული პროცესია, მაგრამ არ დავუშვათ ენმ-ს გამარჯვება


საქართველოს პარლამენტის დეპუტატი მმართველი გუნდიდან და ზუგდიდის მაჟორიტარი "ქართული ოცნებიდან" ირაკლი ჩიქოვანი ამ ქალაქის ამომრჩეველს პარლამენტის ტრიბუნიდან მიმართავს და მოუწოდებს, არ დაუშვას "პროგრესის გაჩერება". სიტყვით გამოსვლის დროს მან, ერთი მხრივ, თქვა, რომ ოპოზიციისთვის ხმის მიცემაც დემოკრატიული პროცესის ნაწილია, თუმცა აღნიშნა, რომ არ უნდა დაუშვან ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის გამარჯვება.

"მინდა მივმართო ზუგდიდელ ამომრჩეველს და იმ ათობით ათას ამომრჩეველს, რომელმაც მხარი დაგვიჭირა, რა თქმა უნდა, პატივი ვცემ იმ მხარდაჭერას, რომელიც სხვა პოლიტიკური ძალების მიმართ იქნა გამოხატული - ეს დემოკრატიული პროცესია, მაგრამ ჩვენ გვჭირდება აბსოლუტური მობილიზება, რომ არ დავუშვათ არცერთ მუნიციპალიტეტში "ნაციონალური მოძრაობის" და მისი კანდიდატის გამარჯვება. ვხედავთ, რომ ეს არის სტაგნაციის წინაპირობა და ეს არის წინაპირობა, რომელიც გააჩერებს იმ პროგრესს, რომელიც ზუგდიდის მუნიციპალიტეტში გვაქვს...

ჩემს ქალაქში, ჩემს ზუგდიდში, არაერთხელ გათელა "ნაციონალურმა მოძრაობამ" და ფეხი შეაწმინდა მეგრელების და ზუგდიდელების ღირსებას. წარმოუდგენელია, ამ პოლიტიკურ ძალას ჰქონდეს მაღალი მხარდაჭერა ადგილზე. მართლაც არ მესმის, ვაპატიოთ ადამიანებს, რომლებმაც სამეგრელო აქციეს ბოროტების ციტადელად..." - თქვა დეპუტატმა ჩიქოვანმა.

ზუგდიდსა და კიდევ 19 მუნიციპალიტეტში მერის ასარჩევად მეორე ტური იმართება. მათ შორის, მეორე ტური იმართება საქართველოს ხუთივე თვითმმართველ ქალაქში. არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს გაიმართება.

XS
SM
MD
LG