Accessibility links

site logo site logo

ირაკლი ღარიბაშვილი: მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ევროპარლამენტარი რას იტყვის, ჩვენთვის მთავარია, ჩვენი ხალხი რას იტყვის


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მედიასთან საუბარში შესაბამისი კითხვის პასუხად შეაფასა 70-ზე მეტი ევროპელი პოლიტიკოსის განცხადება საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, აბსოლუტურად არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ევროპარლამენტარი რას იტყვის, მთავარია, რას იტყვის საქართველოს მოსახლეობა.

ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა არის კანონის აღსრულება, რომელსაც წინ ვერავინ აღუდგება.

მე მინდა ჩვენს მოსახლეობას ავუხსნა ახლა, რომ მუდმივი სპეკულირება მიმდინარეობს იმის თაობაზე, რომ ვიღაც ევროპარლამენტარები გამოდის ბრძნული სახით და და გვაძლევს ბრძნულ რჩევებს, მერე ერთ რამეს ვეტყვი ყველას, ამ სიაში მე, სხვათა შორის, არ მინახავს, მაგრამ რაც მომიყვნენ, სხვათა შორის, ბევრი ქართული გვარებიც აღმოვაჩინეთ, როდის გახდნენ ქართველები ევროპარლამენტარები, მე არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში მე მინდა ერთი რამე გითხრათ, რომ კანონის აღსრულებას, სიმართლის და სამართლის აღსრულებას ჩვენს ქვეყანაში ვერავინ ვერ აღდგება წინ, რამდენი ევროპარლამენტარიც არ უნდა გამოვიდეს, ჩვენ სრულად გამჭვირვალე პროცესი გვაქვს, ჩვენთან არის უზრუნველყოფილი კანონის უზენაესობა, შესაბამისად, ეს უნდა იყოს ყველასთვის ცხადი“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, აბსოლუტურად არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ევროპარლამენტარი რას იტყვის, იმიტომ, რომ „ჩვენთვის მთავარია, ჩვენი ხალხი რას იტყვის“.

„სააკაშვილი წარსდგა მართლმსაჯულების წინაშე, მას ძალიან ბევრი დანაშაული აქვს ჩადენილი. ეს არის დადგენილი პროკურატურის, გამოძიების და სასამართლოს ყველა ინსტანციის მიერ. შესაბამისად, სამართლის აღსრულებას წინ ვერავინ ვერ აღდგება“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან ერთად რეგიონების მუნიციპალიტეტების მერობის კანდიდატებსა და საარჩევნო შტაბების ხელმძღვანელებთან შეხვედრებს მართავს. დღეს ის ხელვაჩაურში იმყოფებოდა.

18 ოქტომბერს ლიეტუვის და უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, შვედეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, 25-მა ევროპარლამენტარმა პოლონეთიდან, იტალიიდან, ხორვატიიდან, ლიეტუვიდან, ლატვიიდან, შვედეთიდან, ესპანეთიდან, ჩეხეთიდან და საფრანგეთიდან, ყოფილმა ელჩებმა, დამოუკიდებელმა ანალიტიკოსებმა, ლიეტუვის სეიმის 25-ზე მეტმა წევრმა და ქართველი პოლიტიკოსებმა ხელი მოაწერეს ღია წერილს, რომელშიც ითხოვენ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის შეწყვეტას იმ დრომდე, სანამ მას არ მიეცემა საშუალება, წარდგეს დამოუკიდებელი სასამართლოს წინაშე. ღია წერილის ადრესატები არიან ევროსაბჭოს, ევროკომისიისა და ევროპარლამენტის პრეზიდენტები.

მიხეილ სააკაშვილი რუსთავის #12 პენიტენციურ დაწესებულებაში დაკავების დღიდან, 1 ოქტომბერიდან, შიმშილობს.

მიხეილ სააკაშვილი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები საბოლოოა და არ საჩივრდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG