Accessibility links

site logo site logo

ოთხმა ქვეყანამ უპასუხა რუსეთის შეკითხვებს ნავალნის მოწამვლის თაობაზე


ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის შენობა ჰააგაში

გერმანიამ, დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და შვედეთმა ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის სამდივნოში გაგზავნეს პასუხები რუსეთის შეკითხვებზე, რომლებიც ეხება შარშან ზაფხულში ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის მოწამვლას. თავის მხრივ, რუსეთის შეკითხვები რეაქცია იყო შეკითხვებზე, რომლებიც ორგანიზაციის წევრმა 45-მა ქვეყანამ დაუსვა მას.

ეს ქვეყნები რუსეთისგან ითხოვდნენ ინფორმაციას ზომების შესახებ, რომლებიც მან მიიღო თავის ტერიტორიაზე საბრძოლო ქიმიური იარაღის გამოყენების გამოსაძიებლად, ასევე რუსეთში ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის ექსპერტების ჩასვლის პერსპექტივებზე. ამის პასუხად რუსეთმა საპასუხო შეკითხვები დასვა და, ფაქტობრივად, უარყო, რომ ნავალნი მის ტერიტორიაზე მოწამლეს. რუსეთის შეკითხვები მიმართული იყო გერმანიის, საფრანგეთისა და შვედეთის მიმართ, რომელთა ლაბორატორიებმაც აღმოაჩინეს ნავალნის ანალიზებში ქიმიური იარაღი „ნოვიჩოკის“ კვალი. შეკითხვები მიემართებოდა დიდ ბრიტანეთსაც, რომელიც 45 ქვეყნის სახელით გამოვიდა რუსეთისადმი თავდაპირველი შეკითხვებით.

გერმანიის პასუხში კერძოდ ნათქვამია, რომ მან რუსეთის სამართალდამცავ ორგანოებს ყოველგვარი დახმარება გაუწია, მაგრამ მოსკოვს ვერ გადასცა ნავალნის ბიომასალა მისი თანხმობის გარეშე. პასუხში ასევე ლაპარაკია იმაზე, რომ ბოთლზე, რომელიც ნავალნის სასტუმროს ნომრიდან იყო, აღმოჩენილია იმავე მომწამვლელი ნივთიერების კვალი, რაც აღმოჩნდა მის ორგანიზმში.

ბრიტანეთის თანახმად, რუსეთის ნოტაში არ იყო პასუხები ადრე მისთვის დასმულ შეკითხვებზე. ბრიტანეთმა ასევე ეჭვი გამოთქვა, რომ რუსეთის ხელისუფლება ცდილობს, თავი აარიდოს ნავალნის მოწამვლისთვის პასუხისმგებლობას. ბრიტანეთის პასუხში ნათქვამია, რომ ბრიტანეთი ამ საკითხში გერმანიის პოზიციის სოლიდარულია.

საფრანგეთის პასუხში ნათქვამია, რომ საფრანგეთმა რუსეთისგან მიიღო თანამშრომლობის თხოვნა, მაგრამ გადაწყვიტა, არ უპასუხოს მას, ვინაიდან ის თავად რუსეთის ხელისუფლებისგან ელის ნავალნის მოწამვლასთან დაკავშირებით გამოძიების ჩატარებას.

შვედეთის პასუხის მიხედვით, ის მოქმედებდა გერმანიის მოთხოვნის მიხედვით, ამიტომ ყველა შეკითხვა გერმანიისადმი უნდა იქნეს მიმართული.

კრემლის კრიტიკოსი ალექსეი ნავალნი 2020 წლის 20 აგვისტოს იქნა ჰოსპიტალიზებული ომსკის კლინიკაში, რის შემდეგაც ის ბერლინში წაიყვანეს სამკურნალოდ. გერმანელმა სპეციალისტებმა მის სხეულში „ნოვიჩოკის“ ჯგუფის მომწამლავი ნივთიერება აღმოაჩინეს. რუსეთის ხელისუფლება უარყოფს, რომ ნავალნი მოწამლეს, ყოველ შემთხვევაში - რუსეთის ტერიტორიაზე. თავად ნავალნი ამტკიცებს, რომ მის მოწამვლასთან ფსბ-ს აქვს კავშირი. ამავეს ასკვნის საგამოძიებო ჯგუფი Bellingcat-ი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG