Accessibility links

site logo site logo

ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმეზე დაკავებულებს ბრალი წარუდგინეს


საქართველოს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა რუსეთის მოქალაქის, ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმეზე დაკავებულ 3 პირს. პროკურატურის განცხადებაში არაფერია ნათქვამი დანაშაულის მოტივზე.

პროკურატურის მიერ დღეს, 20 ოქტომბერს გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციის მიერ დაკავებულ ბ.ლ.-ს ბრალი წარედგინა განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენის, შენახვის და ტარების და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვისთვის.

პოლიციელების მიმართ წინააღმდეგობის გაწევის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვისთვის ბრალი წარდეგინა ლ.რ.-ს და პოლიციელების სიცოცხლის მოსპობის მცდელობის, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენის, შენახვისა და ტარებისთვის ბ.ხ-ს.

ბრალის წარდგენამდე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიების ფარგლებში დაადგინა, რომ 18 ოქტომბერს, დაახლოებით 00:30 საათზე, თბილისში, ანასტასია შატალოვას საცხოვრებელი სახლის სადარბაზოსთან მას ბ.ლ.-მ ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით მიაყენა სიცოცხლისთვის სახიფათო, მძიმე ხარისხის მრავლობითი დაზიანებები. შატალოვა ადგილზე გარდაიცვალა.

პროკურატურის ინფორმაციით, „შემთხვევის ადგილიდან ბ.ლ დაუკავშირდა ბ.ხ-ს და დახმარება სთხოვა მიმალვაში. ბ.ხ-მ ავტომანქანით მიაკითხა ბ.ლ-ს, რა დროსაც ამ უკანასკნელისგან შეიტყო, რომ მან ჩაიდინა განზრახ მკვლელობა, რის შემდეგაც იგი დანაშაულის დაფარვის მიზნით, მის მფლობელობაში არსებული ავტომობილით ბ.ლ-ს მიმალვაში დაეხმარა. გატარებული სამძებრო-ოპერატიული ღონისძიებების შედეგად დადგინდა ბ.ლ-ს ადგილსამყოფელი, რა დროსაც ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა და მისგან ამოღებულ იქნა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“.

პროკურატურის განცხადებითვე, „საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების პროცესში დადგინდა ბ.ხ-ს ადგილსამყოფელი, რომელიც იმალებოდა მეგობრის ლ.რ-ს საცხოვრებელ სახლში, სადაც საგამოძიებო მოქმედებების მიზნით მისულ პოლიციის თანამშრომლებს ბ.ხ. დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, ხელყუმბარას მოაძრო რგოლი და მოიყვანა საბრძოლო მოქმედებაში. ბ.ხ-ს დაკავებაში პოლიციის თანამშრომლებს ხელი შეუშალა და წინააღმდეგობა გაუწია ლ.რ-მ, რითაც ისარგებლა ბ.ხ-მ და ხელყუმბარა ისროლა საცხოვრებელი კორპუსის ქვემოთ მდგომი პოლიციის თანამშრომლების მიმართულებით. ხელყუმბარა დაეცა იქვე მდებარე ავტოფარეხის თავზე და არ აფეთქდა. ხელყუმბარა გამნაღმველების დახმარებით განეიტრალდა. პოლიციის თანამშრომლების მიერ დაკავებულ ბ.ხ.-ს პირადი ჩხრეკისას ასევე აღმოაჩნდა ხელყუმბარა, რომელსაც მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა და ატარებდა. ხოლო პოლიციის მიმართ წინააღმდეგობის ფაქტზე დაკავებული ლ.რ-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებულ იქნა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“.

ბ.ლ.-სა და ლ.რ.-სთვის წაყენებული ბრალი ითვალისწინებს 8-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას, ხოლო ბ.ხ-სთვის 16 წლიდან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

რუსეთის მოქალაქე, 27 წლის ანასტასია შატალოვა, რომელიც ბოლო წლებში საქართველოში ცხოვრობდა, 18 ოქტომბერს, თბილისში, საცხოვრებელ სახლთან მოკლეს. 19 ოქტომბერს შსს-მ განაცხადა, რომ განზრახ მკვლელობის საქმე გახსნა და 3 პირი დააკავა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG