Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი საქართველოსგან ითხოვს ინფორმაციას ანასტასია შატალოვას მკვლელობის შესახებ


ანასტასია შატალოვა
ანასტასია შატალოვა

რუსეთი საქართველოსგან ითხოვს ინფორმაციას თბილისში, რუსეთის მოქალაქის ანასტასია შატალოვას მკვლელობის შესახებ. ეს ცნობილი გახდა შვეიცარიის საელჩოსთან არსებული, რუსეთის ინტერესთა სექციის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებული შეტყობინებიდან, რომლის თანახმად, 19 ოქტომბერს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიგზავნა ნოტა თხოვნით, წარუდგინონ ჩადენილი დანაშაულის შესახებ საქართველოს კომპეტენტური ორგანოების ხელთ არსებული ინფორმაცია.

გარდა ამისა, რუსული მხარე ითხოვს საჭირო სამართლებრივ დახმარებას ანასტასია შატალოვას მამისთვის ცხედრის რაც შეიძლება სწრაფად გადასაცემად. რუსეთის ინტერესთა სექციის ცნობითვე, საკონსულო განყოფილების თანამშრომლებს მუდმივი კონტაქტი აქვთ დაღუპულის მამასთან, რომელიც თბილისში ჩამოვიდა და საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთქმედებით იღებენ ყველა ზომას, შატალოვას საქართველოში მყოფი ნათესავების, მათ შორის რუსეთის მოქალაქე არასრუწლოვანი ვაჟის ინტერესების დასაცავად.

რუსეთის მოქალაქე, 27 წლის ანასტასია შატალოვა, 18 ოქტომბერს, თბილისში, გაზაფხულის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლთან მოკლეს. 19 ოქტომბერს შსს-მ განაცხადა, რომ განზრახ მკვლელობის საქმე გახსნა და 3 პირი დააკავა. დანაშაულის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, როცა საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები შეწყვიტა, ორ ქვეყანას შორის შუამავლის ფუნქციას შვეიცარია ასრულებს და ამ ქვეყნის საელჩოსთან არსებობს რუსეთის ინტერესთა სექცია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG