ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხუთშაბათს ბრიუსელში შეათანხმეს რუსეთის მხრიდან სხვადასხვა ფრონტზე ნებისმიერი პოტენციური თავდასხმისგან თავის დაცვის გეგმა.
დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მთავარი მიზანი კვლავაც არის მოსკოვის შეკავება, მიუხედავად იმისა, რომ სულ უფრო და უფრო მეტი ყურადღება ექცევა ჩინეთის მოქმედებებს.
ნატოს სტრატეგია, რომელსაც კონფრონტაციული ხასიათი აქვს, მიმართულია ნებისმიერი სინქრონული თავდასხმისთვის მზადყოფნისთვის ბალტიისა და შავი ზღვების რეგიონებში, რაც შეიძლება მოიცავდეს ბირთვულ იარაღს, კომპიუტერულ ქსელებში შეღწევას და შეტევას კოსმოსში, წერს Reuters-ი.
„ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი კავშირის გამყარებას, ვიყენებთ რა საუკეთესო და მოდერნიზებულ გეგმებს,“ აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა შეხვედრის შემდეგ, რომელზეც მონაწილეებმა ასევე შეათანხმეს ერთი მილიონი დოლარის მოცულობის საწყისი დაფინანსება ახალი ციფრული ტექნოლოგიების განვითარებისთვის.
ნატოს ოფიციალური წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ რუსეთის მხრიდან თავდასხმას არ მიიჩნევენ გარდაუვალად.
ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრის წინ სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ რუსეთთან ურთიერთობის დონემ კიდევ უფრო დაბლა დაიწია მორიგი დაპირისპირების შემდეგ, რის შედეგადაც ნატოში კრემლის წარგზავნილებს აკრედიტაცია ჩამოერთვათ, მოსკოვში კი დაიხურა ჩრდილოატლანტიკური კავშირის ოფისი.
თავად მოსკოვი უარყოფს დასავლეთის მიმართ აგრესიულ გეგმებს და აცხადებს, რომ ევროპაში ვითარების დესტაბილიზაციის რისკებს სწორედ ნატო ქმნის თავისი სამზადისით.
ხუთშაბათს, 21 ოქტომბერს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთისთვის რეალურ საფრთხეს წარმოადგენს უკრაინაში ნატოს სამხედრო ყოფნა. მისი თქმით, „უკრაინის ნატოში ოფიციალური გაწევრიანება შეიძლება არ მოხდეს, მაგრამ ტერიტორიის სამხედრო ათვისება უკვე მიმდინარეობს“.
დაწერეთ კომენტარი