Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს საპატრიარქო ბესარიონ აპლიას ტონის შერბილებისკენ მოუწოდებს


საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის მდივანმა მიქაელ ბოტკოველმა „აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის“ მღვდელს ბესარიონ აპლიას „ტონის შერბილებისკენ“ მოუწოდა. ბოტკოველის თქმით, „კატეგორიულად მიუღებელია ის ტონი, რა ტონითაც ის ინტერვიუს იძლევა“.

საქართველოს საპატრიარქომ ეს კომენტარი ბესარიონ აპლიას იმ განცხადების თაობაზე გააკეთა, რომელშიც ის თბილისში პრობლემატური საკითხების განსახილველად მიწვევას „მზაკვრობად“ აფასებდა.

კატეგორიულად მიუღებელია ის ტონი, რა ტონითაც ის ინტერვიუს იძლევა. ეს არის ძალიან აგრესიული რიტორიკა, რაც ჩვენთვის ვერანაირად ვერ იქნება მიღებული, როგორც მსჯელობისა და დიალოგის დაწყების საფუძველი. ისინი ოფიციალურად დაარბილებენ ამ წერილს თუ რას იზამენ, ეს მათი გადასაწყვეტია, მაგრამ ის, რომ მთლიანობაში ისინი თითქოს დიალოგზე უარს არ აცხადებენ, ჩვენი შეთავაზების საპასუხოდ, ეს მაინც პოზიტიურად შეიძლება ჩაითვალოს. მოლაპარაკებები სად გაიმართება, ამ პირობების დაყენებისაგან მათ ალბათ თავი უნდა შეიკავონ. უშუალოდ დიალოგს ვგულისხმობთ ჩვენ სხვების ჩარევის გარეშე, ეს, რა თქმა უნდა, ჩვენი დიდი ხნის სურვილიც იყო. ჩვენ მზად ვართ ასეთი დიალოგისთვის, არ მიგვიღია ჯერ მათგან ოფიციალური შეტყობინება. მან აუცილებლად უნდა დაარბილოს ტონი და ისაუბროს ისე, რომ საფუძველი დაიტოვოს იმისათვის, რომ ჩვენ განვაგრძოთ მათთან დიალოგი“, - განაცხადა მიქაელ ბოტკოველმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ისთვის მიცემულ კომენტარში.

ამასთან, მიქაელ ბოტკოველის თქმით, საპატრიარქოს ბესარიონ აპლიასგან თბილისში დიალოგის წარმართვასთან დაკავშირებით უარი წერილობით არ მიუღია.

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში „აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სახელით“ რეგისტრირებული ეპარქიის მღვდელმთავარმა ბესარიონ აპლიამ „მზაკვრობა“ უწოდა საქართველოს საპატრიარქოს შეთავაზებას, თბილისში განიხილონ პრობლემატური საკითხები. ამის თაობაზე ბესარიონ აპლიამ აფხაზურ ტელევიზიას განუცხადა.

20 ოქტომბერს ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში „აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სახელით“ რეგისტრირებულმა ეპარქიის საეკლესიო საბჭომ (АПЦ) საქართველოს საპატრიარქოსგან საპასუხო წერილი მიიღო, საქართველოს პატრიარქის ილია მეორისა და მოსკოვისა და სრულიად რუსეთის კათოლიკოს-პატრიარქ კირილისადმი გაგზავნილ მიმართვაზე.

მასში მღვდელმსახურ ბესარიონ აპლიას საქართველოს პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი პრობლემატური საკითხების თბილისში განხილვას სთავაზობდა.

„მოგახსენებთ რომ, გავეცანით, საქართველოსა და რუსეთის პატრიარქებისადმი თქვენს მიმართავს. მიუხედავად იმისა, რომ კატეგორიულად არ ვიზიარებთ წერილის შინაარსსა და სულისკვეთებას, ვაცნობიერებთ დიალოგის დაწყების აუცილებლობას. როგორ იცით მტერი ყოფს - ღმერთ კი აერთიანებს. ამიტომ ვფიქრობთ, სასარგებლო იქნება ამ თემაზე შეგვხვდეთ თბილისში და პირისპირ განვიხილოთ პრობლემატური საკითხები“, - ნათქვამია მიქაელ ბოტკოველის წერილში.

ამ წლის თებერვალში ბესარიონ აპლიამ „აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის“ სტატუსის განსაზღვრამდე მსახურება შეაჩერა, თუმცა მალევე განაახლა და თქვა, რომ „რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია დაგვეხმარება აფხაზეთში ავტონომიური ეკლესიის ჩამოყალიბებაში“.

მაშინვე საქართველოს საპატრიარქომ დეკანოზ ბესიარიონ აპლიას შეახსენა, რომ იგი მღვდლად სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ აკურთხა და ის არის ქართული ეკლესიის წევრი.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია აფხაზეთს თავის კანონიკურ ტერიტორიად მიიჩნევს, ასე თვლის მსოფლიოს ყველა მართლმადიდებელი ეკლესია, მათ შორის, მოსკოვის საპატრიარქო.

საქართველოს საპატრიარქოს სასულიერო პირებს, 1992-93 წლებში აფხაზეთში მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ, აფხაზეთის ტერიტორიაზე შესვლა ეკრძალებათ. ქართველი სასულიერო პირის მიერ ხელდასმული ერთადერთი მღვდელი, რომელსაც არ ეკრძალება მსახურება, ბესარიონ აპლიაა. იგი ომის დასრულების შემდეგ სოხუმისა და ბიჭვინთის ეპარქიას ჩაუდგა სათავეში, რომელიც მოგვიანებით „აფხაზეთის მართლმადიდებელ ეკლესიად“ დარეგისტრირდა.

თავად მღვდელი ბესარიონი აფხაზური ეკლესიის ეპისკოპოსს უწოდებს მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილს.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში რეგისტრირებულია კიდევ ერთი მართლმადიდებლური ორგანიზაცია - აფხაზეთის წმინდა მიტროპოლია, მისი ცენტრი ახალ ათონშია. წმინდა მიტროპოლიის შექმნა, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მცდელობაზე რეაქცია იყო. რუსეთს სურდა თავისი მღვდლის დანიშვნა ახალი ათონის მონასტერში. მონასტრის ბერები, არქიმანდრიტ დოროთეოსის (დბარის) მეთაურობით, აფხაზეთის საეკლესიო საკითხს მოუგვარებლად თვლიან და მორწმუნეთა სახელით კონსტანტინოპოლის პატრიარქს მიმართავენ, ეს საკითხი მართლმადიდებლურ კომისიაში გადაწყდეს.

დრობით ღონისძიებად, აფხაზეთის ეკლესიის კონსტანტინოპოლის პატრიარქის მზრუნველობის ქვეშ გადაცემაზე, საქართველოშიც მსჯელობდნენ. იდეა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილ სახელმწიფო მინისტრს პაატა ზაქარეიშვილს ეკუთვნოდა. თუმცა იგი საქართველოს საპატრიარქომ უარყო, რადგან კონსტანტინოპოლის ეკლესია საგარეო პოლიტიკაში ხშირად მოსკოვის საპატრიარქოს მხარესაა ხოლმე.

აფხაზეთის ორ მართლმადიდებელ თემს შორის დროდადრო დაძაბულობაც იჩენს თავს, უმთავრესად „აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის“ მოთხოვნის გამო, „აფხაზეთის წმინდა მიტროპოლიის“ წარმომადგენლებმა გაათავისუფლონ ახალი ათონის მონასტერი და მათ გადასცენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG