Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიის პოლიციამ ოპერაცია ჩაატარა მიგრანტების მოწინააღმდეგე ნეონაცისტების შეკრების გამო


გერმანელი ნეონაცისტები ქალაქ გუბენში
გერმანელი ნეონაცისტები ქალაქ გუბენში

გერმანიის პოლიციამ პოლონეთის საზღვართან ოპერაცია ჩაატარა მემარჯვენე ექსტრემისტების წინააღმდეგ. გასული კვირის ბოლოს, ათეულობით ნეონაცისტი გერმანიის სხვადასხვა რეგიონიდან ჩავიდა პოლონეთის საზღვართან მდებარე ქალაქ გუბენსა და მის შემოგარენში, რათა არ დაეშვათ გერმანიის ტერიტორიაზე მიგრანტების, ძირითადად, ბელარუსის მოქალაქეების შესვლა.

მემარჯვენე ექსტრემისტებს ტერიტორიის დატოვება აიძულეს. პოლიციის ინფორმაციით, ოპერაციისას ჩამორთმეულია ხელკეტები, ცრემლსადენი გაზის ბალონები, დანები და მაჩეტე. რამდენიმე პირის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. ნეონაცისტები გუბენში ჩავიდნენ მემარჯვენე ექსტრემისტული დაჯგუფების „მესამე გზის“ მოწოდებით. ქალაქის ცენტრში ჩატარდა მშვიდობიანი კონტრაქციაც.

მემარჯვენე ექსტრემისტების ქმედებების აღკვეთის პარალელურად, გერმანიამ პოლონეთთან საზღვრის დაცვა გააძლიერა და სასაზღვრო რაიონებში გაგზავნა პოლიციის კიდევ 8 ქვედანაყოფი. ამის შესახებ მედიას აცნობა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ჰორსტ ზეეჰოფერმა. აგვისტოდან გერმანიაში მკვეთრად მოიმატა პოლონეთის ტერიტორიიდან არალეგალურად ჩასული მიგრანტების რიცხვმა. მათი უმეტესობა ბელარუსიდანაა. მაგალითად, სექტემბერში პოლონეთიდან გერმანიაში უკანონოდ ჩასვლის 2323 ფაქტი აღირიცხა. მათგან 1903 პირი პოლონეთის გავლით ბელარუსიდან ჩავიდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG