Accessibility links

site logo site logo

"ნაციონალური მოძრაობა" სააკაშვილთან დაკავშირებით დიპლომატიურ კორპუსს და NGO-ებს მიმართავს


"ნაციონალური მოძრაობა" პარტიის ლიდერის მიხეილ სააკაშვილის საქმეზე დასახმარებლად საერთაშორისო თანამეგობრობას, საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს მიმართავს. პარტია მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ რუსთავის ციხეში მყოფ სააკაშვილს "სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა".

"გთხოვთ, მიიღოთ თქვენს ხელთ არსებული ყველა შესაძლო ზომა, რათა უზრუნველყოფილ იქნეს საქართველოს მესამე პრეზიდენტის სიცოცხლის უფლება და პირადი უსაფრთხოება. საქართველოს ხელისუფლებამ არ იკმარა სააკაშვილის პოლიტიკური პატიმრობა და ახლა უკვე ქვეყნის მესამე პრეზიდენტს სასიკვდილოდ იმეტებს", - აღნიშნულია მიმართვაში.

ამავე განაცხადებით პარტია მიმართავს საქართველოს მოქალაქეებს:

"ყველამ, მიუხედავად ჩვენი პოლიტიკური სიმპათიებისა, პირადი განწყობებისა და დამოკიდებულებებისა, არ უნდა დავუშვათ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა გლდანის ციხის საავადმყოფოში. მესამე პრეზიდენტის იქ მოთავსება მისი ხელისუფლების მიერ მკვლელობის ტოლფასია და უმძიმესი შედეგები მოჰყვება, როგორც პოლიტიკურ, ასევე ისტორიულ ჭრილში".

"ნაციონალური მოძრაობა" ჯანმრთელობისა და პირადი უსაფრთხოების საკითხებზე ხელისუფლებას აკისრებს პასუხისმგებლობას.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში მოხვედრიდან, 1 ოქტომბრიდან შიმშილობს. ის ითხოვს ჩაინიშნოს მის საქმეზე სასამართლო, რათა თავისი სიმართლე თქვას. როგორც მისი პირადი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძე ამბობს, მისი მდგომარეობა მძიმდება და აუცილებელია მისი ჰოსპიტალიზება. ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ თუ გართულდება სააკაშვილის ჯანმრთელობა, მას გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანენ, მისი მკურნალი ექიმი კი ამბობს, რომ აუცილებელია მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG