Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ივანე ნორაკიძე: მეორე ტურში ხმების დათვლის აუდიო-ვიდეოგადაღება ამომრჩეველთა 98,5%-ს დაფარავს


ივანე ნორაკიძე, ცესკოს წევრი
ივანე ნორაკიძე, ცესკოს წევრი

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი, პარტია „მოქალაქეების“ წარმომადგენელი ივანე ნორაკიძე რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ ამბობს, რომ თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში ხმების დათვლის აუდიო-ვიდეოფიქსაცია თითქმის ყველა საარჩევნო უბანზე ჩატარდება, ანუ 1800-დან დაახლოებით 1700-მდე უბანს მოიცავს:

„როგორც იცით, დადგენილების მიხედვით, ყველა იმ უბანზეა გათვალისწინებული ვიდეოგადაღება, სადაც 300 ამომრჩეველზე მეტია და მეორე ტურში დაახლოებით 100-მდე უბანია, სადაც 300-ზე ნაკლებია და ამ უბნებზე არ იქნება. დანარჩენ ყველა უბანზე იქნება, ანუ ჯამში ამომრჩეველთა 98,5 %-ს დაფარავს ხმების დათვლის აუდიო-ვიდეოფიქსაცია“, - განაცხადა ივანე ნორაკიძემ. არჩევნების პირველი ტურის დროს ამომრჩეველთა ხმების დათვლის აუდიო-ვიდეოფიქსაციის ხარვეზებზე საუბრისას მან იმედი გამოთქვა, რომ მეორე ტურში ისინი აღმოიფხვრება. მისივე თქმით, ვიდეოგადაღება პირველ ტურში სულ 3200 უბანზე უნდა განხორციელებულიყო, თუმცა 311 უბნის მონაცემები სწორედ სხვადასხვა ხარვეზის გამო არ ატვირთულა:

„ზოგ შემთხვევაში იყო კამერის წუნი, ზოგ შემთხვევაში იყო ადამიანური შეცდომები, თუმცა, საერთო ჯამში, სულ ცოტა ის შედეგი რომ ვნახეთ, რაც ხდება უბანზე და გახდა უფრო გამჭვირვალე პროცესი და შესაძლებლობა მოგვეცა, რომ უფრო მეტი პრობლემის იდენტიფიცირება მოვახდინოთ, არის ძალიან სასარგებლო“, - აღნიშნა ივანე ნორაკიძემ. გადაცემაში მან თქვა, რომ ისევე, როგორც პირველ ტურში, აუდიო-ვიდეოფიქსაციის გაგრძელება შემაჯამებელი ოქმის შედგენის ჩათვლით, მეორე ტურშიც შეუძლებელი იქნება. მისი განმარტებით, აღნიშნული ინიციატივა მეორე ტურებამდე ერთი კვირით ადრე გაჩნდა და შესაბამის დადგენილებაში ცვლილების შეტანა ვერ მოესწრება, რადგან არჩევნებამდე 4 დღის განმავლობაში ცესკოს დადგენილებაში ცვლილების განხორციელების უფლებამოსილება არ აქვს.

"დადგენილებაში ჩვენ გვიწერია, რომ უნდა ჩანდეს ბიულეტენი და ხმის დათვლის პროცესი სრულად. ბიულეტენები ითვლება მაგიდასთან, ხოლო ოქმის შედგენას ახდენს მდივანი საერთოდ სხვა ლოკაციაზე. ანუ ეს კამერა უნდა წავიღოთ, გადავაადგილოთ და ამ კამერის დადგმა ისე, რომ ოქმში რა იწერება, ესეც რომ ჩანდეს, სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, რამდენად არის შესაძლებელი. ერთ დღეში ამის გარკვევა ვერ მოვახერხეთ იმიტომ, რომ გუშინ დადგა ეს ინიციატივა და მხოლოდ გუშინდელი დღე გვქონდა ამისთვის. დღეს ცესკომ რომც მოინდომოს, დადგენილებაში ცვლილების შეტანის უფლება აღარ გვაქვს კანონით“, - განაცხადა ივანე ნორაკიძემ „დილის საუბრებში“.

ხმების დათვლის პროცესის ვიდეოთი გადაღების შესაძლებლობა საქართველოს კანონმდებლობით ცესკოს მიმდინარე არჩევნებისთვის მიეცა. ხმის დათვლის პროცესის გადაღება არჩევნების პირველ ტურში ყველა იმ უბანში განხორციელდა, სადაც 300-ზე მეტი ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული. ასეთი 84 საარჩევნო ოლქში 3200 საარჩევნო უბანი იყო. ვიდეოფიქსაციის მთავარი ხარვეზი, სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და მედიის თანახმად, ჩანაწერების ნაწილის ცუდი ხილვადობა იყო. კერძოდ, ვიდეომასალის ნაწილში ძნელია ბიულეტენის ახლოდან დანახვა და იმის დაფიქსირება, რომელი კანდიდატი თუ სუბიექტი შემოხაზა ამომრჩეველმა.

თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში აუდიო-ვიდეოფიქსაცია 1700-მდე საარჩევნო უბანში განხორციელდება. მეორე ტურისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 2 088 722-ია.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს გაიმართება. 5 თვითმმართველ ქალაქსა და 15 თვითმმართველ თემში მერებს აირჩევენ, ხოლო 24 საარჩევნო ოლქში საკრებულოს მაჟორიტარ წევრებს.

მეორე ტურში გადავიდნენ მერობის კანდიდატები, რომლებმაც 2 ოქტომბერს ვერ მიიღეს პირველივე ტურში გასამარჯვებლად საჭირო, ხმების 50%-ზე მეტი და მაჟორიტარი კანდიდატები, რომლებსაც გასამარჯვებლად უნდა გადაელახათ 40%-იანი ბარიერი. მეორე ტურში გასამარჯვებლად კანდიდატებს სჭირდებათ ხმების უბრალო უმრავლესობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG