Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უჩა ნანუაშვილი: საოკუპაციო ხაზთან მდებარე 116 სოფელს განსაკუთრებული სტატუსი სჭირდება


უჩა ნანუაშვილი, "დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის" დირექტორი

არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ დირექტორი, უჩა ნანუაშვილი რადიო თავისუფლების „დღის საუბრებში“ აღნიშნავს, რომ მწვავე სოციალურ-ეკონომიკურ თუ უსაფრთხოების გამოწვევებთან გასამკლავებლად, საჭიროა, საოკუპაციო ხაზთან მდებარე 116 სოფელს სპეციალური დასახლების სტატუსი მიენიჭოს. მისი თქმით, ამ სოფლებს განსაკუთრებული სტატუსი სჭირდებათ იმიტომ, რადგან სწორედ განსაკუთრებული და სპეციფიკურია იქ არსებული მდგომარეობა:

„პირველ რიგში ეს ეხება უსაფრთხოებას. ძალიან ხშირია მოქალაქეების გატაცება, უკანონო დაკავებები, მკვლელობის ფაქტებსაც ჰქონდა ადგილი სწორედ ამ ადგილებიდან. იგივე ბორდერიზაცია გრძელდება წლების განმავლობაში, ძალიან ბევრი ადამიანი კარგავს სახნავ-სათეს მიწებს, თუ უბრალოდ თავიანთ სახლებს. გარდა უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევებისა, ასევე მნიშვნელოვანია, რომ სოციალ-ეკონომიკური და ის ინფრასტრუქტურული პრობლემები მოგვარდეს, რომელიც არის ადგილზე. ამ მიმართულებით, შეიძლება ითქვა, რომ ბევრ სოფელში არის გარკვეული წინსვლა, ხელისუფლების მხრიდან რაღაც ნაბიჯები არის გადადგმული, მაგრამ ვხედავთ, რომ ეს მდგომარეობას ვერ ცვლის. ადგილობრივი მოსახლეობა, მაგალითად, არის დღემდე დაუსაქმებელი, სიღარიბეა კვლავ ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა. ძალიან ბევრ სოფელში, შეიძლება ითქვას, რომ მდგომარეობა იცვლება უარესობისკენ“, - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა, რომლის შეფასებითაც, არ არის საკმარისი ის პროგრამები, რომლებიც ბოლო წლებში ხორციელდება. მისივე თქმით, აღნიშნული სოფლების დიდ ნაწილში არ ფუნქციონირებს სკოლები და სკოლამდელი დაწესებულებები, დასახლებების ნაწილში დაზიანებულია შიდა გზები, მოსახლეობას აწუხებს მცირემიწიანობა, არის სარწყავი და სასმელი წყლის დეფიციტი, არ ფუნქციონირებს აფთიაქები და სამედიცინო პუნქტები და სოფლები ახალგაზრდებისგან იცლება. უჩა ნანუაშვილი მიიჩნევს, რომ ბოლო წლების უარყოფითი მიგრაციული ბალანსი არის კიდევ ერთი სერიოზული საფუძველი იმისა, რომ ხელისუფლებას ამ სოფლების მიმართ განსაკუთრებული მიდგომა ჰქონდეს. იგი ფიქრობს, რომ საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში სოციალურ-ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული პრობლემების მოსაგვარებლად მნიშვნელოვანია საკითხის საკანონმდებლო და აღმასრულებელ დონეზე მოწესრიგება:

„ჩვენი ინიციატივა ეხება სრულიად ახალი კანონის მიღებას, სრულიად ახალ ინიციატივას და მანამდე, სანამ იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება მიღებული, ამ დასახლებულ პუნქტებზე, სულ საუბარია 116 სოფელზე, მიგვაჩნია, რომ უნდა გავრცელდეს „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ კანონით დადგენილი შეღავათები... ანუ ე.წ. მთის კანონის ამოქმედება ამ სოფლებში შესაძლებელია, მანამ იქნება სპეციალური სტატუსი ანუ სპეციალური კანონი მიღებული. ერთგვარი შუალედური გადაწყვეტილება შეიძლება იყოს გამოყენებული. მით უმეტეს, როდესაც ამ დასახლებების გარკვეული ნაწილი უკვე სარგებლობს ამ ბენეფიტებით“, - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა „დღის საუბრებში“.

„საქართველოს კანონი მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ პირთა სოციალური და ეკონომიკური პრობლემების მოგვარებისკენაა მიმართული და მათთვის ძირითადად სოციალური და საგადასახადო და შეღავათების დაწესებას ითვალისწინებს. მოქმედი კანონის მიხედვით, მაღალმთიან დასახლებად ითვლება დასახლება, რომელიც ზღვის დონიდან 1500 მეტრის სიმაღლეზე ან მის ზევით მდებარეობს.​ რაც შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიასთან გამყოფ ხაზს, აქ მაღალმთიანი დასახლების სტატუსი ენიჭება დასახლებას, რომელიც ზღვის დონიდან არანაკლებ 800 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს.

"დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტში" მიიჩნევენ, რომ "მთის კანონით" გათვალისწინებული შეღავათებით ოკუპირებულ ტერიტორიასთან გამყოფ ხაზზე მდებარე 116-ვე სოფელმა მათთვის სპეციალური დასახლების სტატუსის მინიჭებამდე უნდა ისარგებლოს.

"დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა" საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს კახაბერ კუჭავას და საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს გამყოფ ხაზთან მდებარე 116-ვე სოფლისთვის სპეციალური დასახლების სტატუსის მინიჭების ინიციატივით უკვე მიმართა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG