Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნონა მამულაშვილი: გიორგი ხელაშვილმა პარლამენტში ნაბიჭვარი მიწოდა


"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ნონა მამულაშვილი ამბობს, რომ პარლამენტში, საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე კოლეგამ მმართველი პარტიიდან, გიორგი ხელაშვილმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და "ნაბიჭვარი" დაუძახა. მამულაშვილი ამ საკითხით დაინტერესებას სთხოვს პარლამენტის ეთიკის საბჭოს, რომლის წევრი თავადაც არის.

იმა, რომ ხელაშვილმა მამულაშვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, ადასტურებს პარლამენტარი დავით ზილფიმიანიც. მან მედიას უთხრა, რომ ორივე მხრიდან ისმოდა შეურაცხმყოფელი სიტყვები. კერძოდ, მამულაშვილმა ხელაშვილს არაკაცი უწოდა, რასაც ხელაშვილის რეპლიკა მოჰყვა.

კამათი საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე მას შემდეგ დაიწყო, რაც ფრაქციის „ლელოს - პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის დაბარების საკითხი დასვა.

„კომიტეტის სხდომაზე ჩვენ მოვითხოვეთ საგარეო საქმეთა მინისტრის მოსვლა ზაფხულში. ეს გადაიდო ჩვენი მიზეზით იმიტომ, რომ ამერიკაში ვიყავით და ხელმეორედ გამოგიგზავნეთ მოთხოვნა. ტექნიკური მიზეზებით, რამდენიმე თვეა უარს აცხადებთ მინისტრის მოსვლაზე. ჩვენ მოთხოვნილი გვაქვს. თქვენს აპარატს უნდა ვთხოვოთ განგვიმარტოს პროცედურა, რატომ ამბობს უარს. უკვე რამდენიმე თვეა, რაც საგარეო საქმეთა მინისტრი პარლამენტში ვერ მოვიყვანეთ. მე ზაფხულში მოგმართეთ გადადების და არა გაუქმების მოთხოვნით. ფიქციად გაქვთ გადაქცეული კომიტეტის მუშაობა! საგარეო კომიტეტზე დღემდე საგარეო საქმეთა მინისტრი ვერ მოვიყვანეთ, იმისთვის, რომ გასცეს ჩვენს შეკითხვებს პასუხი. ველოდებით პასუხს, როდის მობრძანდება ბატონი ზალკალიანი საქართველოს პარლამენტში, რომ გასცეს პასუხები, რომელიც მასთან ოპოზიციას ძალიან ბევრი დაუგროვდა. უცნაურია, რომ საკუთარ ფუნქციად არ მიგაჩნიათ, კომიტეტის სხდომები რომ უზრუნველყოთ. რას მალავთ ზალკალიანს, გეშინიათ, რომ ტირილი არ დაიწყოს?“ - თქვა სალომე სამადაშვილმა კომიტეტის სხდომაზე, რომელიც შემდეგ პროტესტის ნიშნად დატოვა. ამის შემდეგ ნონა მამულაშვილმა იკითხა, რატომ არ მოდიოდა პარლამენტში მინისტრი, რასაც, მისი თქმით, ხელაშვილის გაღიზიანება მოჰყვა.

თავად ხელაშვილი რადიო თავისუფლებას უდასტურებს, რომ "შელაპარაკებას ჰქონდა ადგილი", მაგრამ კითხვაზე, დაარღვია თუ არა ამით ეთიკის კოდექსი, გვპასუხობს, რომ არა. კონკრეტულად რა სიტყვა უთხრა ხელაშვილმა მამულაშვილს "შელაპარაკებისას", არ აკონკრეტებს.

2020 წელს, "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" წერდა, რომ პარლამენტის ეთიკის კოდექსი არაქმედითი დოკუმენტია და ხშირია შემთხვევა, როდესაც პარლამენტის წევრის ქცევა სცდება ეთიკის ნორმებს და ეს სამართლებრივი რეაგირების გარეშე რჩება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG