Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხელისუფლებას მოუწოდეს, სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციის საკითხი გადაწყვიტოს უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტით


ფოტო არქივიდან: მიხეილ სააკაშვილი კიევში, 2019 წლის მაისი
ფოტო არქივიდან: მიხეილ სააკაშვილი კიევში, 2019 წლის მაისი

ოცამდე არასამთავრობო ორგანიზაციამ ხელისუფლებას მოუწოდა, მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციის გადაწყვეტილება მიიღოს ისე, რომ სრულად გამოირიცხოს როგორც სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, ასევე, უსაფრთხოების ყველა რისკი.

არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დღეს გავრცელებული განცხადების თანახმად, ხელისუფლებამ მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციის საკითხი უნდა გადაწყვიტოს არა პოლიტიკური მიზანშეწონილობის, არამედ მხოლოდ ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და პირადი უსაფრთხოების უფლების დაცვის მაღალი სტანდარტით:

„მიხეილ სააკაშვილი, მისი დაპატიმრებიდან დღემდე, უკვე 26-ე დღეა საპატიმროში შიმშილობს. შიმშილობის პერიოდის გათვალისწინებით ყოველწუთიერად იზრდება მისი ჯანმრთელობის გაურესებისა და ჰოსპიტალიზაციის აუცილებლობის რისკები. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ მოწვეული და კვალიფიციურ ექიმთა კონსილიუმის დასკვნის მიხედვით, მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია უნდა მოხდეს შესაბამისი პერსონალითა და სამედიცინო აღჭურვილობით დაკომპლექტებულ საავადმყოფოში. საქართველოს სახალხო დამცველის დასკვნის მიხედვით კი N18 დაწესებულება (ე.წ. ციხის საავადმყოფო) სამედიცინო უზრუნველყოფის კუთხით, სრულფასოვნად არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს, ამასთანავე, სახალხო დამცველის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის N18 დაწესებულებაში მოთავსება, რომელიც N8 პენიტენციური დაწესებულების გვერდით, ერთ სივრცეში მდებარეობს, შეიცავს მისი უსაფრთხოების გარკვეულ რისკებს".

არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლებას მოუწოდებენ, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციის საკითხზე მსჯელობისას სრულყოფილად გაითვალისწინოს ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფისა და სახალხო დამცველის დასკვნა და რეკომენდაციები და ჰოსპიტალიზაციის შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს ისე, რომ მის მიმართ, სრულად გამოირიცხოს როგორც სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, ასევე, უსაფრთხოების ყველა რისკი.

განცხადებას ხელს აწერენ:

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა;

მმართველობის მონიტორინგის ცენტრი;

ღია საზოგადოების ფონდი;

დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი;

ადამიანის უფლებების ცენტრი;

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება;

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო;

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის;

ეკონომიკის პოლიტიკის კვლევის ცენტრი;

მედიის განვითრების ფონდი;

კვლევითი ჟურნალისტიკის და ეკონომიკური ანალიზის ცენტრი;

საზოგადოება და ბანკები;

საფარი;

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი;

ცენტრი ემპათია;

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია;

სოციალური სამართიანობის ცენტრი;

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი;

საქართველოს გაეროს ასოციაცია.

რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბრიდან შიმშილობს. ადვოკატები ექსპრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას მოითხოვენ, იუსტიციის სამინისტრო კი აცხადებს, რომ საჭიროების შემთხვევაში, ჰოსპიტალიზაცია მოხდება გლდანში, პენიტენციური სისტემის საავადმყოფოში. სააკაშვილი ამ დაწესებულებაში გადაყვანაზე უარს ამბობს. მისი ადვოკატები იუსტიციის სამინისტროს ადანაშაულებენ კონსილიუმის რეკომენდაციების შეუსრულებლობაში, რასაც უარყოფს მინისტრი რატი ბრეგაძე. მისი განცხადებით, კონსილიუმის დასკვნაში, რომელიც საჭიროების შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციას ეხება, საუბარია მულტიპროფილიან კლინიკაზე, რაც ავტომატურად სამოქალაქო კლინიკას არ ნიშნავს.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამჟამად უკრაინის მოქალაქეა, 1 ოქტომბერს, თბილისში დააკავეს და რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს. 2018 წელს, სააკაშვილი საქართველოში დაუსწრებლად გაასამართლეს სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების გამო მსჯავრდებულთა შეწყალების და პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე. სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი ორივე საქმეზე დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ბოროტად გამოყენებაში. მას 6 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი. სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის კიდევ რამდენიმე საქმე, მათ შორის 2007 წლის ნოემბერში, ოპოზიციის აქციის ძალის გამოყენებით დაშლის და ტელეკომპანია "იმედში" სპეცრაზმის შეჭრის ფაქტებზე. მიხეილ სააკაშვილი ყველას საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს.

20 ოქტომბერს, საქართველოს პროკურატურამ სააკაშვილს წაუყენა კიდევ ერთი ბრალი - სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთა. გამოძიების ინფორმაციით, სექტემბრის ბოლოს, მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან საქართველოში ფარულად დაბრუნდა რძის პროდუქტებით დატვირთული ტრაილერით, რომელიც გემით ჩამოვიდა უკრაინის ჩერნომორსკის პორტიდან ფოთის ნავსადგურში. მძიმე დანაშაულის დაფარვის და საზღვრის უკანონოდ კვეთაში დახმარების მუხლებით ბრალდებულია ტრაილერის მფლობელი, ელგუჯა ცომაია. 1 ოქტომბერს, პოლიციამ სააკაშვილი თბილისში, ცომაიას ბინაში დააკავა. ამავე საქმეზე, დანაშაულის დაფარვის მუხლით ბრალდებულია კიდევ 3 პირი.

XS
SM
MD
LG