Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დეპუტატი მაჭარაშვილი სააკაშვილზე: ნუ შიმშილობს, ჭამოს, მშვენიერი საჭმელია


"ქართული ოცნების" სახელით პარლამენტის წევრი გურამ მაჭარაშვილი ამბობს, რომ რუსთავის ციხეში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "ჯიუტობს" და შიმშილობს. მან "პალიტრანიუსის" ეთერში მან სააკაშვილის გადაწყვეტილებას არაადეკვატური და გაუგებარი ნაბიჯი უწოდა.

"უფრო სწორი იქნება გვეთქვა, რატომ ჯიუტობს სააკაშვილი და რატომ შიმშილობს?.. შიმშილობაც პროტესტის ერთ-ერთი ფორმაა, მაგრამ ამ პროტესტს რაღაც მიზანი აქვს, მაგალითად, კონკრეტული პირის თანამდებობიდან გადადგომა ან მოთხოვნა რაღაცის დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით. ჩვენ ვიცით, რატომაც აქვს პროტესტის ეს ფორმა - 30 ოქტომბრამდე, სურს რაღაცნაირად საზოგადოებაში მუხტი აწიოს, სხვა რაიმე მიზანი ამას არ გააჩნია", - თქვა მაჭარაშვილმა.

ჟურნალისტის რეპლიკაზე, რომ სააკაშვილის ადვოკატების აზრით, მისი გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაყვანა შურიძიებას ისახავს მიზნად, მაჭარაშვილმა ასე უპასუხა.

"ჩვენ გვინდა შური ვიძიოთ? ნუ შიმშილობს მერე, ჭამოს ეს საჭმელი, მშვენიერი საჭმელია... რას აპროტესტებს?" - თქვა მაჭარაშვილმა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელიც საქართველოს სასამართლოებმა ორ საქმეზე ცნეს დამნაშავედ, ქვეყანაში თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დაბრუნდა. ის სამართალდამცავებმა 1 ოქტომბერს დააკავეს და ამ დროიდან რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაშია გადაყვანილი. სასამართლოს ჩანიშვნის მოთხოვნით მან შიმშილობა დაკავების დღესვე გამოაცხადა.

როგორც მისი პირადი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძე ამბობს, მისი მდგომარეობა მძიმდება და აუცილებელია მისი ჰოსპიტალიზება. ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ თუ გართულდება სააკაშვილის ჯანმრთელობა, მას გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანენ, მისი მკურნალი ექიმი კი ამბობს, რომ აუცილებელია მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG