Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნონა მამულაშვილი: „ოცნებას“ სავარაუდოდ აქვს დავალება, სააკაშვილის ეს მდგომარეობა ლეტალურად დასრულდეს


ნონა მამულაშვილი, დეპუტატი, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი
ნონა მამულაშვილი, დეპუტატი, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი

საქართველოს პარლამენტის დეპუტატი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნონა მამულაშვილი რადიო თავისუფლების „დღის საუბრებში“ ამბობს, რომ იმ პირობების შექმნით, რომელშიც საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იმყოფება ციხეში, „ქართული ოცნება“ „წარმოუდგენელ სიბოროტეს და ფაქტობრივად დანაშაულს ჩადის“. ნონა მამულაშვილმა გადაცემაში გამოთქვა მოსაზრება, რომ „ქართულ ოცნებას“, სავარაუდოდ, მიღებული აქვს მითითება, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე ლეტალურად დასრულდეს:

„მიხეილ სააკაშვილი ჰყავთ სრულიად იზოლირებული, დაბნელებული შუშებით, არ აძლევენ კომუნიკაციის საშუალებას, არ აძლევენ გამოჩენის საშუალებას, ახლა უკვე ექიმსაც არ აძლევენ მისი შემოწმების საშუალებას და ეს ახლა არის კლასიკური რუსული ინსტრუქტაჟით მიღებული გადაწყვეტილებები. „ქართულ ოცნებას“, სავარაუდოდ, აქვს მიღებული დავალება, რომ მიხეილ სააკაშვილის ეს მდგომარეობა ლეტალურად დასრულდეს“, - განაცხადა ნონა მამულაშვილმა „დღის საუბრებში“.

"მე, პრაქტიკულად, ახლა ვიმყოფები არა ქართულ, არამედ - რუსულ ციხეში", - საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ამ შინაარსის პოსტი "ფეისბუკში" გამოაქვეყნა. ამ პოსტში, რომელიც სავარაუდოდ 27 ოქტომბერსაა დაწერილი, ის საუბრობს მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე, უარი თქვას ყველანაირ სამედიცინო დახმარებასა და პროცედურაზე მანამ, სანამ ადვოკატებთან შეუზღუდავი კომუნიკაციის საშუალება კვლავ არ მიეცემა. სააკაშვილი ამბობს, რომ საქართველოში, სადაც სასამართლო და პროკურატურა დამოუკიდებელი არ არის, "ადვოკატურაც გაგვიუქმეს".

მიხეილ სააკაშვილისა და მისი უფლებდამცველების განცხადებებს ოთახში აღმართული ბარიერის გამო კომუნიკაციის შეზღუდვის შესახებ 28 ოქტომბერს პენიტენციური სამსახური განცხადებით გამოეხმაურა. განცხადებაში სამსახური ამბობს, რომ შუშის ბარიერი განახლდა იმის გამო, რომ მიხეილ სააკაშვილი და მისი ადვოკატები პერმანენტულად არღვევდნენ კოვიდრეგულაციებს, კერძოდ, ადვოკატები არ წარადგენდნენ PCR ტესტის შედეგებს, მსჯავრდებული კი შეხვედრებისას არ იყენებდა პირბადეს.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამჟამად უკრაინის მოქალაქეა, 1 ოქტომბერს, თბილისში დააკავეს და რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს. დაკავების შემდეგ სააკაშვილი პროტესტის ნიშნად შიმშილობს.

ადვოკატები მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მოითხოვენ მრავალპროფილიან სამოქალაქო კლინიკაში მის გადაყვანას, სადაც შესაძლებელი იქნება მუდმივი და სრულფასოვანი ზრუნვა მის ჯანმრთელობაზე. იუსტიციის სამინისტრო კი აცხადებს, რომ საჭიროების შემთხვევაში, სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია მოხდება გლდანში, პენიტენციური სისტემის საავადმყოფოში. მიხეილ სააკაშვილი ამ დაწესებულებაში გადაყვანაზე უარს ამბობს, მისი უფლებადამცველები და სახალხო დამცველი კი მიიჩნევენ, რომ ამ კლინიკაში მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოება ვერ იქნება უზრუნველყოფილი. ამ საკითხზე, მიხეილ სააკაშვილის მოსაზრებაზე დაყრდნობით, პრაქტიკულად იგივე მოსაზრება გამოთქვა უკრაინის სახალხო დამცველმა, ლუდმილა დენისოვამ, რომელმაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი პენიტენციურ დაწესებულებაში 27 ოქტომბერს მოინახულა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 2018 წელს საქართველოში დაუსწრებლად გაასამართლეს სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების გამო მსჯავრდებულთა შეწყალების და პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე. სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი ორივე საქმეზე დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ბოროტად გამოყენებაში. მას 6 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი. სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის კიდევ რამდენიმე საქმე, მათ შორის 2007 წლის ნოემბერში, ოპოზიციის აქციის ძალის გამოყენებით დაშლის და ტელეკომპანია "იმედში" სპეცრაზმის შეჭრის ფაქტებზე. მიხეილ სააკაშვილი ყველას საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს.

20 ოქტომბერს, საქართველოს პროკურატურამ სააკაშვილს წაუყენა კიდევ ერთი ბრალი - სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთა. გამოძიების ინფორმაციით, სექტემბრის ბოლოს, მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან საქართველოში ფარულად დაბრუნდა რძის პროდუქტებით დატვირთული ტრაილერით, რომელიც გემით ჩამოვიდა უკრაინის ჩერნომორსკის პორტიდან ფოთის ნავსადგურში. მძიმე დანაშაულის დაფარვის და საზღვრის უკანონოდ კვეთაში დახმარების მუხლებით ბრალდებულია ტრაილერის მფლობელი, ელგუჯა ცომაია. 1 ოქტომბერს, პოლიციამ სააკაშვილი თბილისში, ცომაიას ბინაში დააკავა. ამავე საქმეზე, დანაშაულის დაფარვის მუხლით ბრალდებულია კიდევ 3 პირი.

XS
SM
MD
LG