Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა ძებნილად გამოაცხადა ადვოკატი, რომელიც სექტემბერში საქართველოში გაემგზავრა


ივან პავლოვი
ივან პავლოვი

რუსეთის ხელისუფლება ეძებს გამოძიების მასალების უკანონოდ გამჟღავნებაში ეჭვმიტანილ ადვოკატს, ივან პავლოვს, რომელმაც სექტემბერში განაცხადა, რომ ქვეყანა დატოვა და საქართველოში გაემგზავრა.

ივან პავლოვმა 28 ოქტომბერს საღამოს, ტელეგრამ-არხზე დაწერა, რომ მისი ძებნილად გამოცხადების დადგენილება გამომძიებელს ჯერ კიდევ 20 სექტემბერს გამოუტანია, თუმცა, ივლისის შემდეგ, არც ის და არც მისი ადვოკატები გამომძიებელთან არ დაუბარებიათ. პავლოვი წერს, რომ მისი ადგილსამყოფლის დადგენა რთული არ არის და საკმარისია მხოლოდ დაურეკონ. უფლებადამცველის ინფორმაციით, ძებნილად მისი გამოცხადების შესახებ შეიტყვეს ჟურნალისტ ივან საფრონოვისგან, რომელსაც ეს გამომძიებელმა აცნობა.

ადვოკატ ივან პავლოვის წინააღმდეგ საქმე აღიძრა 2021 წლის აპრილში. რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ვერსიით, პავლოვმა შემდგომი გავრცელებისთვის უკანონოდ გამოიყენა ჟურნალისტის და „როსკოსმოსის“ თანამშრომლის, ივან საფრონოვის წინააღმდეგ სახელმწიფო ღალატის მუხლით საქმის აღძვრის დადგენილება. უშიშროების სამსახურის ვერსიით, პავლოვმა საჯარო გახადა საქმეზე საიდუმლო მოწმის არსებობაც.

უფლებადამცველ ივან პავლოვის მიერ რუსეთში შექმნილმა ადვოკატთა გაერთიანებამ „გუნდი 29“ არსებობა 2021 წლის ივლისში შეწყვიტა, მას შემდეგ რაც რუსეთის ხელისუფლებამ ეს გაერთიანება „არასასურველ ორგანიზაციად“ აღიარა. სექტემბერში პავლოვმა განაცხადა, რომ რუსეთი დატოვა და გაემგზავრა საქართველოში, სადაც დაიბადა მისი დედა, დაკრძალულია ბაბუა და, სადაც ბავშვობის წლები აქვს გატარებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG