უფლებადამცველი ორგანიზაცია „რაზმი 29“-ის ყოფილმა თავმჯდომარემ, ადვოკატმა ივან პავლოვმა, რომელიც „კორუფიცასთან ბრძოლის ფონდის“ წევრთა ინტერესებსაც იცავს, რუსეთი დატოვა და საქართველოს მიაშურა.
ამის შესახებ მან საკუთარი ტელეგრამის არხით გაავრცელა ვრცელი ცნობა, რომელშიც ნათქვამია, რომ ამ გადაწყვეტილების მიზეზი იყო სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში დაწესებული აკრძალვები, რის გამოც მისი საქმიანობა რუსეთში შეუძლებელი გახდა.
„ამიკრძალეს ინტერნეტითა და კავშირის საშუალებით სარგებლობა, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთან და ზოგიერთ კოლეგასთან ურთიერთობა. მოკლედ, ამიკრძალეს ყველაფერი, ურომლისოდაც ადვოკატის საქმიანობა ვერ იქნება ეფექტიანი. არ ამიკრძალეს ერთადერთი რამ - ქვეყნიდან წასვლის შესაძლებლობა. ეს ნიშნავდა, რომ კარისკენ მიმითითეს“, - წერს ივან პავლოვი.
პავლოვის თქმით, მან ჯერჯერობით მიაშურა საქართველოს, რომელთანაც ბევრი რამ აკავშირებს. „აქ დაიბადა დედაჩემი, დამარხულია ჩემი პაპა, აქ ბავშვობის სამი წელი გავატარე, დავდიოდი სკოლაში“, - აღნიშნავს პავლოვი.
პავლოვის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა მას შემდეგ, რაც ადვოკატმა ჟურნალისტისა და „როსკოსმოსის“ დირექტორის თანაშემწის, ივან საფრონოვის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესახებ დადგენილება პრესას გადასცა და გამოააშკარავა გამოძიების საიდუმლო მოწმის არსებობა.
ადვოკატის დასაცავად ხმა აღიმაღლეს მისმა კოლეგებმა და უფლებადამცველებმა, მაგრამ პავლოვს რუსეთის სასამართლომ აუკრძალა კავშირის საშუალებით სარგებლობა და მის მიერ წარმოებული საქმის ფიგურანტ მოწმეებთან, მათ შორის საფრონოვთან, ურთიერთობა.