Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიტროპოლიტი პეტრე ღარიბაშვილს პასუხობს: თქვენზეა "შენი არ იცოდე და სხვისი არ გესმოდესო"


მიტროპოლიტი პეტრე ცაავა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ბრალდებას პასუხობს და მასზე საუბრის დროს ქართულ ანდაზასა და ებრაულ "რისხვას" იყენებს. ცაავა ღარიბაშვილის იმ განცხადებას ეხმიანება, სადაც პრემიერი მესამე პრეზიდენტის - მიხეილ სააკაშვილის დროს ეკლესიაში ჩანერგილებზე საუბრობდა და ამ კონტექსტში ახსენებდა მიტროპოლიტ პეტრეს. ცაავა ბრალდებებს "ფეისბუკით" პასუხობს და პრემიერთან ერთად გადაღებულ ფოტოსაც აქვეყნებს.

"ბატონო პრემიერო, ტყუილად იბრალებთ, რომ რაიმე გაგეგებათ ეკლესიურობის, ზოგადად ქრისტიანობის, მართლმადიდებლობის და სახელმწიფოებრიობის. ორგზის პრემიერ-მინისტრობით სამწუხაროდ ვერ გასცდით ორღობის ჭორიკანა დედაკაცის შეგნებას... თქვენზეა ნათქვამი გენიალური ქართული ანდაზა: "წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო", - წერს მიტროპოლიტი.

ცაავა ამბობს, რომ ღარიბაშვილი ეკლესიის მხოლოდ უახლოეს ისტორიას იცნობს და არ იცის, რა როლი ჰქონდა მას საქართველოსთვის.

"ეკლესიის როლი კარგად იცოდა მართლმადიდებლური შეგნების საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ, რომელიც, თქვენს მსგავსად, ეკლესიის უზნეობათა კრებსეს კი არ აგროვებდა სასულიერო პირების კომპრომატირებისთვის, არამედ ამხელდა ეკლესიაში სუკის აგენტებს, ქვაბავაზაკებს და საუბრობდა ახალი რუის ურბნისის საეკლესიო კრების მოწვევის აუცილებლობაზე, ლექსიც კი მიუძღვნა საბჭოთა, ცრუ პატრიარქს", - ამბობს ცაავა.

ის სამარცხვინოს უწოდებს პრემიერის იმ განცხადებას, რომელიც პატრიარქის მიმართ ბრალდებებზე მის განცხადებას "ნაციონალურ მოძრაობას" უკავშირებდა:

"სამარცხვინოა, როცა ამტკიცებთ იმას და ჭორიკნობთ იმაზე, რაც არ იცით და არც გაგეგებათ. თქვენზეა ამხდარი ებრაული რისხვა: "შენი არ იცოდე და სხვისი არ გესმოდესო".

28 ოქტომბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში "ნაციონალური მოძრაობა" ეკლესიასთან ბრძოლაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა და თქვა:

"ჩვენ რომ გავიხსენოთ, ნაცმოძრაობის დროს როგორ ექცეოდნენ ეკლესიის წარმომადგენლებს და როგორ ბინძური მეთოდებით მუშაობდნენ ეკლესიის წიაღში და მათ მოახერხეს რამდენიმე ადამიანის ჩანერგვა, არ მინდა მათი სახელები და გვარები ვთქვა, მათ შორის [სასულიერო პირების]... პატრიარქის წინააღმდეგ რაც მათ ჩაიდინეს და ვის გაახმოვანებინეს - პეტრე ცაავას, რომელიც სააკაშვილის სულიერი მოძღვარი იყო".

პრემიერს ამ გადაცემაში არაფერი უთქვამს ე.წ. სუს-ის ფაილებზე, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ უსმენდნენ და უთვალთვალებდნენ ათეულობით სასულიერო პირს. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ასე აგროვებდნენ კომპრომატებს ხელისუფლების წარმომადგენლები სასულიერო პირებზე.

ჩანაწერების ნაწილის ავთენტიკურობა დაადასტურა მასში მონაწილე პირების ნაწილმაც. ამ საქმეზე ჯერ არავის პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG