Accessibility links

site logo site logo

TI: აღირიცხა 100-მდე დარღვევა, დაიწერა 15 საჩივარი


30 ოქტომბერი, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური

“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” (TI) დამკვირვებლების შეფასებით, საარჩევნო პროცესში ვითარება დღის მეორე ნახევარში დაიძაბა, „გახშირდა ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირების ფაქტები“, მათ შორის - ჟურნალისტების მისამართით.

პოლიტიკური პარტიების წევრებს შორის ფიზიკური დაპირისპირების ფაქტები გამოვლინდა როგორც უშუალოდ უბნებზე, ასევე უბნების გარე პერიმეტრზე: გლდანის #84 უბანზე, საბურთალოს #40 უბანზე, სამგორის #62 უბანზე, ზუგდიდის #15 უბნის გარეთ.

ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლისა და ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტები გამოვლინდა არაერთ უბანზე:

  • ზუგდიდის #5 და #81 უბნების მიმდებარედ, ტელეკომპანია „ფორმულას” ჟურნალისტს „ქართული ოცნების” კოორდინატორები ხელს უშლიდნენ პროფესიული საქმიანობის შესრულებაში - „პოლიცია ადგილზე იყო, თუმცა ჟურნალისტის უფლებების დარღვევაზე სათანადოდ არ რეაგირებდა;
  • ქარელის #2 საარჩევნო უბანზე ძალადობის შემთხვევის შესახებ ვიდეოჩანაწერი გაავრცელა „ტვ მონიტორინგმა“, სადაც ჩანს, რომ სავარაუდოდ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ფიზიკურად უსწორდება ჟურნალისტს;
  • სენაკის #1 უბნიდან „გურია ნიუსის” ჟურნალისტი უკანონოდ გამოაძევეს იმ მიზეზით, რომ ის საკუთარი ტელეფონით ვიდეო გადაღებას აწარმოებდა;

19:30 საათის მონაცემებით, ორგანიზაციის დამკვირვებლებმა აღრიცხეს "100-მდე წვრილი და შედარებით სერიოზული დარღვევა" და "დაწერეს 15 საჩივარი".

გამოვლინდა დამკვირვებლების საქმიანობის ხელის შეშლის, კენჭისყრის შენობიდან 100-მეტრის რადიუსზე კანონის მოთხოვნების დარღვევის ფაქტები. ასევე გამოვლინდა: ერთი და იმავე პირის მიერ კენჭისყრაში მრავალჯერადი მონაწილეობის შემთხვევა.

TI-ს ანგარიშის თანახმად, ტენდენციის სახე ჰქონდა სამოქალაქო ორგანიზაციების დამკვირვებლებისა და კომისიის წევრების მიერ საარჩევნო უბანზე მოსული ამომრჩევლების უკანონო აღრიცხვას, რაც ამომრჩევლის ნების კონტროლად აღიქმება.

ანგარიშში მოყვანილია, მაგალითად, შემდეგი შემთხვევები:

  • ფოთის #7 უბანზე ორგანიზაციის დამკვირვებელს არ აძლევდნენ პროცესებზე დაკვირვების შესაძლებლობას და გამოაძევეს უბნიდან. ამ უბნის კომისიის თავმჯდომარე, ზაველი ღაღანიძე მას ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრებოდა ჩვენს დამკვირვებელს, ასევე, აგრესიულობით გამოირჩეოდა ამავე უბანზე მყოფი ფოთის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი ნათია ჩიკვაიძე;
  • რუსთავის #66 უბანზე ამომრჩეველთა რეგისტრატორები ამომრჩევლის რიგით ნომრებს ცალკე ინიშნავდნენ და აცხადებდნენ, რომ „ამას ისინი კომისიის თავმჯდომარის დავალებით აკეთებდნენ;
  • ბათუმის #2 უბანზე სადამკვირვებლო ორგანიზაციის „ახალგაზრდები ევროპული მომავლისთვის“ დამკვირვებელი დიდი ხნის განმავლობაში ნაკადის მომწესრიგებლის გვერდით იდგა, ყველა ამომრჩეველს ეკითხებოდა სახელს და გვარს და ინიშნავდა მათ ვინაობას;
  • ზუგდიდის #36 უბანზე სპეციალურ სიაში მყოფმა პირმა ხმა მისცა სხვა უბანზე ძირითადი სიის მეშვეობით, ხოლო ამ უბანზე სპეციალური სიის მეშვეობით.

TI-ს დამკვირვებელთა შეფასებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ბევრი საარჩევნო უბნის გარეთ, 100-მეტრიან რადიუსში შეინიშნებოდა პარტიული კოორდინატორების თავშეყრა - „რაც საარჩევნო კოდექსში შესული ახალი ცვლილებებით, სამართალდარღვევას წარმოადგენს“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG