Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსაყდრე შიომ პრემიერს შეახსენა, რომ ანჩისხატი საპატრიარქოს გადასცენ


საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის მოსაყდრე შიო (მუჯირი) საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს, რომ მრავალსაუკუნოვანი ანჩისხატის ხატი მათ გადაეცეთ. წერილი, რომელიც 21 ოქტომბრით თარიღდება თავად საპატრიარქომ გაავრცელა.

შიო მუჯირი ირაკლი ღარიბაშვილს უხსნის, რომ მრავალსაუკუნოვანი ხატის უსაფრთხოების დასაცავად შუშის კიოტი (სახატე ვიტრინა) დამზადდა ტემპერატურული რეჟიმით და სათანადო საჭირო პირობებით.

"სახატე ვიტრინა უნიკალურია იმ მხრივ, რომ მასში დამონტაჟებულია, როგორც აქტიური, ისე პასიური ფარდობითი ტენიანობის რეჟიმის სისტემები, ტენიანობის აღმწერი კომპიუტერული ფუნქციით, LED ნათურების განათება, ცნობილი ფირმა "სილატეკის" დარტყმასაწინააღმდეგო, ტყვიაგაუმტარი და ულტრაიისფერი სხივებისგან დაცული მინა, წინა მოძრავი კარით. ვიტრინა იკეტება, რამდენიმე საკეტით, აქვს სიგნალიზაციის ფუნქცია. ყველა კომპონენტი გათვალისწინებული და მორგებულია ხატისა და ტაძრის არსებულ მდგომარეობასთან", - წერს პატრიარქის მოსაყდრე.

დამატებით შიო მუჯირი აღნიშნავს, რომ უსაფრთხოების დაცვის ნორმების შემუშავებაში ჩართული იყო გერმანული კომპანია Sehner, რომლის ხელმძღვანელებიც მზად არიან საქართველოში ჩამოვიდნენ და ყველა კითხვას უპასუხონ.

"გთხოვთ, აღნიშნული მიიღოთ ცნობად, ამასთან ერთხელ კიდევ შეგახსენებთ ხატის დაბრუნებისთვის სათანადო ნაბიჯების დროულად გადადგმის საჭიროებას", - აღნიშნულია წერილში.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა საპატრიარქო ანჩისხატის ხატის მათთვის გადაცემას ითხოვს. ამ შინაარსის წერილი გაიგზავნა საპატრიარქოდან პატრიარქის, ილია მეორის სახელით მიმდინარე წლის 2 აგვისტოსაც.

ანჩისხატის მუზეუმიდან ტაძარში გადატანაზე უკვე ათეული წლებია საუბრობენ. ეს ძირითადად საზოგადოების მორწმუნე ნაწილის სურვილია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG