Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანჩისხატში ტყვიაგაუმტარი სახატე ვიტრინა დადგეს - გადაიტანენ ხატს მუზეუმიდან?


აგვისტოში ანჩისხატის ტაძარში დაიდგა სპეციალური სახატე ვიტრინა, სადაც, შესაბამისი სტრუქტურების თანხმობის შემთხვევაში, ანჩის მაცხოვრის კარედს გადაიტანენ. კარედი ამჟამად თბილისის ხელოვნების მუზეუმში ინახება. 4 მარტს გერმანულმა კომპანიამ, რომელმაც ვიტრინა დაამზადა, აღწერა, როგორ აპირებს ხატის მუზეუმიდან ეკლესიაში გადატანას.

ანჩისხატის დაბრუნების პროექტის საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი ზაზა ნანობაშვილი ამბობს, რომ SEHNER GmbH, რომელმაც ვიტრინა დაამზადა, სამუზეუმო სფეროში ავტორიტეტით სარგებლობს და ამ მხრივ დიდი გამოცდილება აქვს.

კომპანიის წარმომადგენლების აღწერით, კიოტის ტყვიაგაუმტარი მინა ფირმა „სილატეკმა“ ჩამოასხა. ვიტრინის დეტალები გაკეთებულია უჟანგავი ლითონისგან. მიუხედავად სიმძიმისა (ტონაზე მეტს იწონის), ვიტრინის კარი მთლიანად იღება. ვიტრინაში შექმნილია მიკროკლიმატი, რომელიც მაშინაც შენარჩუნდება, თუ შემთხვევით ელექტროენერგია გამოირთო.

„კიოტი პატრიარქის ლოცვა-კუთხევით დამზადდა. ორი წელია ამ კომპანიასთან ვმუშაობთ. ძლივს დავითანხმეთ, რომ საქართველოში პროექტი გაეკეთებინათ. ყოყმანობდნენ, რადგან მაინც არასტაბილური ქვეყანაა. პროექტი, დაახლოებით, 70 ათასი ევრო დაჯდა. ეს თანხა წლების განმავლობაში გროვდებოდა. „სილატეკის“ მინისგან გაკეთდა, რომელიც ძალიან გამძლეა, დიდი შვიდეული რომ იკრიბება, ამ მინას უყენებენ დასაცავად. ხატის ტრანსპორტირებასაც თავად გააკეთებენ. [მუზეუმიდან ტაძრამდე] ნახევარი კილომეტრია, მაგრამ გადატანასაც თავისი წესები აქვს“, - ამბობს ზაზა ნანობაშვილი.

კომპანიის წარმომადგენელმა იურგერ ზენერმა განმარტა, რომ დაგეგმილია ხატის ზომისა და სპეციფიკის შესაბამისი შესაფუთი სისტემის შექმნა. ყუთი დამზადდება სერტიფიცირებული და მავნებლებისგან თავისუფალი პანელებისგან. შიგნიდან მოპირკეთებული იქნება ვიბრაციისაგან დამცავი მასალით, ასევე უზრუნველყოფენ სათანადო კლიმატსაც.

ხატის კიოტი გახსნილ მდგომარეობაში, ამჯერად მასში ხატის ასლი და ლოცვის ტექსტია განთავსებული.
ხატის კიოტი გახსნილ მდგომარეობაში, ამჯერად მასში ხატის ასლი და ლოცვის ტექსტია განთავსებული.

ანჩისხატის მუზეუმიდან ტაძარში გადატანაზე უკვე ათეული წლებია საუბრობენ. ეს ძირითადად საზოგადოების მორწმუნე ნაწილის სურვილია. ზაზა ნანობაშვილი ამბობს, რომ აქამდე კულტურის სამინისტრო იმაზე მიუთითებდა, რომ ტაძარში ხატის შესანახად პირობები არ იყო. მისი თქმით, ამჯერად ეს პრობლემა მოხსნილია და კულტურის სამინისტროს კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება მოუწევს.

სრულიად საქართველოსთვის არის ეს მნიშვნელოვანი. ღმერთს ვთხოვთ, რომ ჩვენი ნატვრა ასრულდეს. 30 წელი - მას შემდეგ, რაც ტაძარი გაიხსნა - ამისთვის ვიბრძვით. ყველაფერი მზადაა უკვე, გერმანელებმა გააკეთეს და გვასწავლეს, როგორ გავხსნათ, როგორ დავხუროთ“, - ამბობს ანჩისხატის ტაძრის დეკანოზი მამა აკაკი (მეგრელიშვილი).

ხატი ანჩიდან

ხატი თბილისში კლარჯეთიდან, ანჩის მონასტრიდან, მე-7 საუკუნეში ჩამოიტანეს და ადგილი მიუჩინეს ღვთისმშობლის შობის ტაძარში, რომელსაც შემდეგ უკვე ანჩისხატი შეერქვა. ანჩისხატი მე-6 საუკუნის ტაძარია და ის ვახტანგ გორგასლის მემკვიდრემ, დაჩიმ, ააშენა. ანჩისხატი არის ხელთუქმნელი ხატის ასლი. თავად ხელთუქმნელი ხატის წარმოშობის ლეგენდა ამბობს, რომ ქრისტემ სახეზე მიიდო ტილო, რის შემდეგაც მისი გამოსახულება ქსოვილზე გადავიდა.

ანჩისხატი
ანჩისხატი

ხელოვნებათმცოდნე ნინო ჭიჭინაძის თქმით, აკადემიკოსმა შალვა ამირანაშვილმა ხატის ფერწერა მე-6, მე-7 საუკუნეებს მიაკუთვნა. იგი მიიჩნევდა, რომ ხატი სირიულ მხატვრულ წრეს ეკუთვნის.

ანჩისხატის ფერწერას დამატებითი შესწავლა ესაჭიროება. ჩვენ არ ვიცით, რა მდგომარეობაშია ის, რადგანაც გახსნილი მხოლოდ ათწლეულების წინ ნახეს. ხატის ფერწერა და ჭედურობა ზედმიწევნითაა შესასწავლი. უნდა შემუშავდეს რეკომენდაციები, თუ რა პირობები ესაჭიროება დაცვისთვის. სკეპტიკურად ვარ განწყობილი, რომ ეკლესიაში ხატისთვის სათანადო პირობები იქნება. ვფიქრობ, ხატი მუზეუმში უნდა დარჩეს“, - ამბობს მკვლევარი.

რას აპირებს ხელისუფლება

ხატის ტაძარში გადატანაზე არათუ რამე შეთანხმება, ჯერ მოლაპარაკებაც არ დაწყებულა. მუზეუმში აცხადებენ, რომ საკითხი გადატანის შესახებ არ დამდგარა, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში კი კითხვაზე, აპირებენ თუ არა ამ თემაზე მსჯელობას, გვიპასუხეს, რომ შესაძლებელია, ისიც მხოლოდ სამინისტროს რეორგანიზაციის შემდეგ.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG