Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტამბოლი-ჰამბურგის ავიარეისის დროს გარდაცვლილი მგზავრი კორონავირუსით ინფიცირებული აღმოჩნდა


გერმანიის პოლიცია იკვლევს, როგორ აღმოჩნდა ავიაკომპანია Pegasus-ის თვითმფრინავში კორონავირუსით ინფიცირებული მგზავრი, რომელიც რეისის დასრულების შემდეგ გარდაცვლილი იპოვეს.

თვითმფრინავი სტამბოლი-ჰამბურგის რეისს ასრულებდა. ტრაგიკული შემთხვევა გასულ ოთხშაბათს მოხდა, თუმცა, გერმანული მედიისთვის ცნობილი მხოლოდ ახლა გახდა. ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ გარდაცვლილს კორონავირუსი ჰქონდა.

თვითმფრინავში გარდაცვლილ 51 წლის მამაკაცს, რომელიც გერმანიის მოქალაქე იყო, სავარაუდოდ, სხვა სერიოზული დაავადებაც ჰქონდა. ის თვითმფრინავით მარტო მგზავრობდა და ილუმინატორთან იჯდა. ჰამბურგის პოლიციაში, რომელიც საქმეს იძიებს, ვარაუდობენ, რომ კაცის გარდაცვალება ვერავინ შენიშნა, რადგან ჩათვალეს, რომ მას უბრალოდ, ეძინა.

ჯერჯერობით უცნობია, როგორ აღმოჩნდა თვითმფრინავში ინფიცირებული პირი, რადგან თურქეთიდან გერმანიაში გამგზავრების წინ სავალდებულოა PCR-ტესტის უარყოფითი პასუხის და ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა. გერმანული გამოცემის, „შპიგელის“ ინფორმაციით, ყველა მგზავრი თვითმფრინავში ნიღბით იმყოფებოდა. რომელიმე სხვა მგზავრის, ან ეკიპაჟის წევრების ინფიცირების შესახებ, ჯერჯერობით არაფერია ცნობილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG