საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, პარტია „ლელოს“ წევრი გიორგი სიორიძე რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ განმარტავს, რატომ ითხოვს ბათუმსა და ქუთაისში ბათილი ბიულეტენების სრულად გადათვლას. მისი თქმით, 7-7 უბნის შედეგების გადათვლა არ არის ინდიკატორი, რომელიც არჩევნების ლეგიტიმურობის საკითხთან არსებულ კითხვებს გაფანტავდა:
„ვისთვის ვაკეთებთ ამ არჩევნებს, რისთვის ვატარებთ, თუ ამან უნდა მოიტანოს უფრო მეტი პოლარიზება საზოგადოებაში, პოლიტიკური არასტაბილურობა. მაშინ არჩევნების მთავარი მიზანი შესრულებული არ იქნება და ამაზე საუბრობს საერთაშორისო თანამეგობრობაც, ჩვენი პარტნიორები. ამიტომ ვითხოვ მე გადაითვალოს, განსაკუთრებით ბათუმსა და ქუთაისში იმიტომ, რომ საზოგადოების მხრიდან ლეგიტიმაციის, ლეგიტიმურად აღქმის პრობლემა როდესაც დადგება ქვეყნის ყველაზე მთავარ მეორე და მესამე ქალაქში, აქ ჩვენ სერიოზული კრიზისის წინაშე შეიძლება დავდგეთ. და მე ვფიქრობ, რომ ჩემი ვალია, რომ ეს მოვითხოვო“, - განაცხადა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი სიორიძემ „დილის საუბრებში“.
მისი თქმით, საარჩევნო ადმინისტრაციამ დაძაბულობის განსამუხტად ყველაფერი უნდა გააკეთოს, რაც შეუძლია, ზოგადად პროცესში ჩართულმა მხარეებმა კი ყველა სამართლებრივი ბერკეტი უნდა გამოიყენონ იმის მიუხედავად, რამდენად არსებობს ნდობა საარჩევნო ადმინისტრაციული ორგანოებისა და სასამართლოს მიმართ.
1 ნოემბერს, საოლქო საარჩევნო კომისიებმა, დამკვირვებლების და მედიის თანდასწრებით გადათვალეს 201 უბნის შედეგები. საარჩევნო კანონმდებლობით, სავალდებულოა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოვლენილი 5-5 უბნის მონაცემების გადათვლა, თუმცა, ცესკოს თავმჯდომარის რეკომენდაციით, საოლქო საარჩევნო კომისიებმა წილისყრით გამოავლინეს და გადათვალეს 7-7 უბნის შედეგები.
შედეგების ხელახლა დათვლის პროცესის დასრულების შემდეგ, ცესკოში განაცხადეს, რომ გადათვლას მეორე ტურის წინასწარ შედეგებზე გავლენა არ მოუხდენია. დეტალური მონაცემები დღეს, 2 ნოემბერს გამოქვეყნდება.
30 ოქტომბერს, საქართველოს 64-დან 20 მუნიციპალიტეტში ჩატარდა მერის არჩევნების მეორე ტური. ცესკოს მიერ გამოქვეყნებული წინასწარი შედეგებით, 19-ში "ქართული ოცნების" კანდიდატებმა გაიმარჯვეს, ერთგან - წალენჯიხაში კი, "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა. საკრებულოს მაჟორიტარი წევრის არჩევნები ჩატარდა 24 მუნიციპალიტეტის 42 ოლქში, საიდანაც 27-ში „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს და 15-ში "ნაციონალური მოძრაობის", "გახარია-საქართველოსთვის", "თავისუფალი საქართველოს" და "ევროპელი სოციალისტების" კანდიდატებმა.
"ქართული ოცნების" წინააღმდეგ კოალიციური მმართველობის მიზნით გაერთიანებული ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და საპროტესტო აქციებს იწყებს.
დაწერეთ კომენტარი