საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. ინფორმაციას სომხეთის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაცია ავრცელებს.
როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, შეხვედრაზე ნიკოლ ფაშინიანმა სიხარულით აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში, სომხეთსა და საქართველოს ურთიერთობებში ძალიან მაღალი დინამიკა შეინიშნება:
„მიხარია, რომ ეს დინამიკა კიდევ უფრო ძლიერდება საქართველოს თავდაცვის მინისტრის სტუმრობით. ჩვენ დაინტერესებულნი ვართ საქართველოსთან ურთიერთობის გაღრმავებაში ყველა მიმართულებით და ძმური მეგობრობის განვითარებისთვის. ამ კონტექსტში, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი ტიპის ვიზიტები და ხელისუფლებების წევრების პირადი კონტაქტები“.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანს გულთბილი მიღებისათვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი ბიოგრაფიის მქონე ადამიანთან შეხვედრა, როგორიც ნიკოლ ფაშინიანია:
„სანამ თავდაცვის მინისტრი გავხდებოდი, მინისტრის მოადგილე ვიყავი, რომელიც შემდეგ პრემიერ-მინისტრი გახდა და მიხარია, რომ თქვენი და საქართველოს პრემიერ-მინისტრის ურთიერთობა არის საფუძველი ჩვენი თანამშრომლობის გაგრძელებისა. ჩემი ვიზიტი ამ თანამშრომლობის გაგრძელებაა და ეს პროგრესი, რა თქმა უნდა, იქნება უწყვეტი, გრძელვადიანი“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
სომხეთის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის განცხადების თანახმად, ნიკოლ ფაშინიანმა ჯუანშერ ბურჭულაძეს ქართველ კოლეგასთან, ირაკლი ღარიბაშვილთან გულითადი მოკითხვა დააბარა.
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს თავდაცვის სფეროში პარტნიორობის გაღრმავებასა და რეგიონულ საკითხებზე.
დაწერეთ კომენტარი