თეირანის თქმით, იმისთვის, რომ წარმატება მოიტანოს 2015 წლის ბირთვული შეთანხმებისთვის სულის შთაბერვის შესახებ მოლაპარაკებებმა, აშშ-მა გარანტიები უნდა მისცეს, რომ კვლავ არ დატოვებს ირანთან შეთანხმებას.
„აშშ-ის პრეზიდენტი, რომელსაც აკლია ავტორიტეტი, არ არის მზად გარანტიების მოსაცემად. თუკი გაგრძელდება ამჟამინდელი სტატუს კვო, ცხადია, რა შედეგით დასრულდება მოლაპარაკებები,“- განაცხადა 3 ნოემბერს ირანის ეროვნული უშიშროების უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ, ალი შამხანიმ.
აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აშშ-ს 2018 წელს დაატოვებინა ირანთან ისტორიული გარიგება და თეირანს კვლავ დაუწესა სანქციები მიუხედავად იმისა, რომ ირანი ასრულებდა შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს, შეემცირებინა ბირთვულ სფეროში საქმიანობა სანქციების შემსუბუქების სანაცვლოდ.
საპასუხოდ თეირანმა ეტაპობრივად დაიწყო შეთანხმებით დაწესებული შეზღუდვების დარღვევა, მათ შორის ურანის გამდიდრება.
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა პირობა დადო, რომ დაუბრუნდება შეთანხმებას, თუკი ირანი კვლავ სრულად დაემორჩილება მის პირობებს. მაგრამ ვენაში ორ მხარეს შორის აპრილში დაწყებული არაპირდაპირი მოლაპარაკებების ექვსმა რაუნდმა შედეგი ვერ გამოიღო და მოლაპარაკებები შეწყდა მას შემდეგ, რაც ივნისში ხელისუფლებაში მოვიდა მკაცრი კურსის მომხრე პრეზიდენტი ებრაჰმ რაისი.
დაწერეთ კომენტარი