რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერზე, გიორგი ბალახაშვილზე თავდასხმის ბრალდებით პოლიციამ ორი პირი დააკავა. მათ წინააღმდეგ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით არის აღძრული.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 3 ნოემბერს, #12 პენიტენციურ დაწესებულებასთან გამართული აქციის ერთ-ერთ მონაწილეს - 1999 წელს დაბადებულ გ.ბ.-ს, აქციიდან სახლში დაბრუნებისას, რუსთავში, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს", - აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
3 ნოემბერს ბალახაშვილი ამბობდა, რომ აქციიდან წამოსულს სამი ადამიანი აედევნა და როცა ციხის ტერიტორიას 400-500 მეტრით გასცდა, უკნიდან თავს დაესხნენ.
"მირტყამდნენ სახეში და ტანზე, ხელებით და ფეხებით", - თქვა ბალახაშვილმა, რომელსაც სახის არეში დაზიანებები აქვს.
მან აღნიშნა რომ ერთ-ერთი თავდამსხმელი ამოიცნო, რადგან ის მანამდე სოციალურ ქსელში ემუქრებოდა.
გუშინ, 3 ნოემბერს რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელდა აქცია საქართველოს მესამე პრეზიდენტის, პატიმარ მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით. ინციდენტი სწორედ ამ აქციის დასრულების შემდეგ მოხდა.
დაწერეთ კომენტარი