Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფადი ასლი ღარიბაშვილს მოუწოდებს დაუყოვნებლივ გამოაცხადოს საყოველთაო პოლიტიკური ამნისტია


ფადი ასლი
ფადი ასლი

ბიზნესმენი ფადი ასლი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ღია წერილით მიმართავს. ის აკრიტიკებს მთავრობის თავმჯდომარეს.

„ხელისუფლებაში თქვენი ყოფნის პერიოდი უდავოდ ყველაზე უარესია საქართველოს მთელი ისტორიის მანძილზე უცხოელი ინვესტორებისთვის. ვერც კი ჩამოვთვლი რამდენი უცხოელი ინვესტორი იქნა შევიწროებული, მოტყუებული და რეკეტირებული თქვენი მთავრობის მიერ ან უბრალოდ ქვეყნიდან გაძევებული თქვენი უსაფრთხოების სამსახურის მიერ უსაფუძვლოდ გაუქმებული ბინადრობის მოწმობების საფუძველზე; აღარ ვახსენებ რიცხვს იმ უცხოელი ინვესტორებისა, რომლებსაც სასამართლოები სისტემატურად ატყუებდნენ თქვენი მთავრობის ინსტრუქტაჟით ან უფრო უარესი, კანონის წინაშე სრულიად დაუცველნი აღმოჩდნენ, რათა გამხდარიყვნენ მსხვერპლნი ზოგიერთი იმ ინდივიდისა, რომლებიც თქვენს მთავრობას არ სურს გაანაწყენოს, რომ შემდგომ ხმები არ დაკარგოს.

უცხოელი ინვესტორების მიმართ თქვენი ქსენოფობიური პოლიტიკისა და მათდამი თქვენი მხრიდან საშინელი მოპყრობის გამო, თქვენი ცხრა წლიანი მმართველობის პერიოდში საქართველოს, როგორც უცხოელებისადმი კეთილგანწყობილისა და სტუმართმოყვარე ქვეყნის ათასწლოვანი რეპუტაცია გაანადგურეთ და აქციეთ სხვა არაფრად თუ არა მითად", - ვკითხულობთ ფადი ასლის წერილში.

ბიზნესმენი წერს, რომ საქართველოს მოქალაქეები ტოვებენ ქვეყანას. „სიღარიბემ საგანგაშო ნიშნულს მიაღწია და ქართველთა დიდი რაოდენობა ტოვებს ქვეყანას. 2014 - 2021 წლებში რვაასი ათასმა ქართველმა ამერიკულ მწვანე ბარათზე შეიტანა განაცხადი, რომ აღარ ვახსენოთ ის ათასობით ადამიანი, რომლებიც ევროპაში სამსახურის საძიებლად წავიდნენ. ძალიან სამწუხაროა, რომ ქართველ ხალხს საკუთარი ქვეყნის მომავლის აღარ სჯერა და რომ საქართველოში მალე მხოლოდ ბავშვები და მოხუცები დარჩებიან", - აცხადებს ასლი.

ფადი ასლი მიუთითებს ეროვნული შერიგების აუცილებლობის შესახებ. „თქვენი მთავრობის ლიდერებს კიდევ აქვთ უკანასკნელი შანსი მდგომარეობა გამოასწორონ, თავი გადაირჩინონ და ქვეყანაც გადაარჩინონ, ვიდრე ყველაფერი უკონტროლო გამხდარა. მხოლოდ დაუყოვნებლივ ეროვნულ შერიგებას შეუძლია შეაჩეროს საზოგადოების დეზინტეგრაცია, ძალადობა და ეკონომიკური კოლაფსი.

დაუყოვნებლივ გამოაცხადეთ საყოველთაო პოლიტიკური ამნისტია, გაათავისუფლეთ ყველა პოლიტიკური პატიმარი, მაშინაც კი თუ გწამთ, რომ ისინი დამნაშავეები არიან, ყოფილ მაღალჩინოსნებს მოუხსენით ბრალი, ხოლო დევნილ ყოფილ მაღალჩინოსნებს მიეცით ქვეყანაში დაუბრკოლებლად დაბრუნების საშუალება; ეს ამნისტია ასევე შეეხება თქვენს მთავრობას იმ დანაშაულებებისთვის, რომლებიც სავარაუდოდ ჩაიდინეთ თქვენი ცხრა წლიანი მმართველობის პერიოდში, შურისძიებისა და კონტრ-შურისძიების ეს დაუსრულებელი ციკლი შეწყდება და ყველა პარტია საბოლოოდ შეძლებს ერთობლივად ქვეყნის კონსტრუქციულად შენებას", - ნათქვამია ფადი ასლის წერილში.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში დაკავების მომენტიდან, 1 ოქტომბრიდან გადაიყვანეს. ამ დროიდან მას შიმშილობა აქვს გამოცხადებული. როგორც ადვოკატები და მისი პირადი ექიმი აღნიშნავენ, შიმშილობის გამო მისი მდგომარეობა მძიმდება. მათი მოთხოვნაა, მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში გადაიყვანონ. ამას ხელისუფლება არ თანხმდება და აცხადებს, რომ საჭიროების შემთხვევაში, მას სათანადოდ უმკურნალებენ გლდანის პენიტენციური დაწესებულების კლინიკაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG