Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კახა კუჭავამ პარლამენტში მოშიმშილე ელენე ხოშტარია მოინახულა


პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ, პარლამენტის ჯერ კიდევ მოქმედი დეპუტატი, ელენე ხოშტარია, მოინახულა. ხოშტარია პარლამენტის შენობაში მესამე დღეა შიმშილობს.

"უბრალოდ მოვინახულე, მაინტერესებდა ჰქონდა თუ არა ყველანაირი პირობა აქ. მინდა ყველამ იცოდეს, რომ პარლამენტში მთელი დღის განმავლობაში ექიმი მუშაობს და თუ საჭირო იქნება, ყოველთვის გამოყენებული იქნება მისი მომსახურება... ხაზზე ვიქნები, თუ საჭირო იქნება... არ გვისაუბრია ჯანმრთელობის მდგომარეობის გარდა არაფერზე", - თქვა კუჭავამ შეხვედრის შემდეგ.

ხოშტარიაც ადასტურებს, რომ მათ შიმშილობის მიზეზებზე არ უსაუბრიათ.

"გავაცანი მოთხოვნები, თუმცა მისი მთავარი მიზანი იყო ადამიანურად მოკითხვა. შევთანხმდით, რომ არანაირი ხელოვნური ბარიერი არ იქნება. ეს, ალბათ, კარგი მაგალითია იმისა, რომ ყველაზე დიდ დაპირისპირებაშიც კი, სხვებისგან განსხვავებით, ადამიანური სახის შენარჩუნება არის შესაძლებელი", - თქვა ხოშტარიამ.

"დროას" ლიდერმა ელენე ხოშტარიამ, პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მოშიმშილე მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით, შიმშილობა 3 ნოემბერს დაიწყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG