Accessibility links

site logo site logo

ადვოკატი ამბობს, რომ სალხინოს მონასტერში დაკავებულ ბერებს დაცვის უფლება შეუზღუდეს


ლაშა ხოშტარია, ადვოკატი

ჭყონდიდის ეპარქიაში, სალხინოს მონასტერში 5 ნოემბრის დილას, გამთენიისას დაკავებული სასულიერო პირების ადვოკატი, ლაშა ხოშტარია ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფ ბერებს პოლიციამ დაცვის უფლება შეუზღუდა. ადვოკატი თითქმის ორი საათის განმავლობაში ცდილობდა დაკავებული სასულიერო პირების მონახულებას პოლიციის შენობაში, სადაც ისინი მონასტრიდან გადაიყვანეს, პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით. ადვოკატს მათი ნახვის უფლება მხოლოდ მას შემდეგ მიეცა, რაც საქმეში ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელი ჩართო. ლაშა ხოშტარია ძმების, მამა დანიელისა და მამა ბასილ გვილავების ადვოკატია. მათ გარდა არიან სხვა დაკავებულებიც.

"დაკავებულია 8 ადამიანი, მე ვიცავ ორს, საერო სახელებით ავთანდილ და ტარიელ გვილავებს. ველოდები საქმის მასალებს. როცა მოვედი [პოლიციის შენობასთან], ორი ორდერი წარვადგინე, ჩაკეტეს კარები, დადგნენ დაცვაზე, არ შემიშვეს პოლიციის შენობაში. ასოციაციის ხელმძღვანელს, დავით ასათიანს დავურეკე და მხოლოდ ამის შემდეგ შემიშვეს. დაცვის უფლება შეუზღუდეს, ეს უდავო ფაქტია. დაცვის უფლების დარღვევა სისხლის სამართლის დანაშაულია - გენერალურ ინპექციასაც მივაწოდე ინფორმაცია ამის შესახებ, სახალხო დამცველსაც", - ჰყვება ადვოკატი მედიასთან.

ის ასევე აღნიშნავს, რომ დაკავებული სასულიერო პირები ხანგრძლივი დევნის მსხვერპლები არიან და ადამიანები, რომლებმაც მონასტრიდან მათი გამოძევება სცადეს, არაუფლებამოსილი პირები იყვნენ. ადვოკატი გულისხმობს მეუფე სტეფანე კალაიჯიშვილის მხარდამჭერ ე.წ. "ჩოხოსნებს", რომლებიც სხვა სასულიერო პირების თქმით, პოლიციაზე ადრე შევიდნენ მათთან მონასტერში, განკვეთილი ბერების გამოსაძევებლად.

"ფაქტობრივად პოლიციამ დააკანონა ჩოხოსნების უკანონობა", - ასე აღწერს მომხდარს ადვოკატი ლაშა ხოშტარია.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, პოლიციაში გამოკითვისთვის გადაყვანილ პირთა შორის არიან "ჩოხოსნების" წევრებიც, ჯამში სამართალდამცველები 10 პირს კითხავენ. შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს 3 პირის ადმინისტრაციული წესით დაკავების ფაქტს. მათ გამოძიება 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევას ედავება, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციის მიმართ წინააღმდეგობას გულისხმობს.

ჭყონდიდის ეპარქიაში მოღვაწე კიდევ ერთი განკვეთილი ბერი, არქიმანდრიტი ათინოგენი ამბობს, რომ ეპისკოპოს სტეფანე კალაიჯიშვილს ჩოხოსნების ჩაყვანა მარტვილში იმიტომ დასჭირდა, რომ მას ადგილობრივები მხარს არ უჭერენ და არც მის საქციელს იწონებენ, რაც მის წინააღმდეგ განწყობილი სასულიერო პირების დევნას გულისხმობს.

"დღეს ეს ხალხი ჩვენს მონასტერში, სადაც მამები ცხოვრობდნენ, შევარდნენ და შემდეგ შეჰყვა მილიცია და ახლა მამებს უყენებენ ბრალდებას, რომ პოლიციას არ დაემორჩილნენ. წარმოგიდგენიათ? შენ სადაც ცხოვრობ, შენ სადაც კელიას ააგებ, შენი ნაშრომია, ყველაფერი შენი ხელით აგებული, მოვა ჩოხოსანი და გეუბნება, წადი აქედანო. რისი გულისთვის? ვითხოვთ მამათმავლობის ცოდვაში მხილებული ადამიანებისგან, პედოფილებისგან, საყვარლიანი მეუფეებისგან ეკლესიის განწმენდას. ესეც, ეს სტეფანეც [კალაიჯიშვილი] იმ “კრებსების” და გამოტანილი ფაილების მიხედვით, მრუშობაშია მხილებული, მაგრამ არავინ ყურად არ იღებს. სანამდე იქნებიან აქანე? იმ ჩოხოსნებიდან არავინ არის აქედან. მარტვილელი, ამ კუთხის შვილი არავინ არ არის. სტეფანეს აქ არავინ უჭერს მხარს. ერთი ადამიანი მანახეთ, რომელიც მას მხარს უჭერს და მისი მოქმედება მოსწონს" - ამბობს სასულიერო პირი. მისი თქმით, დაკავებულია 6 მღვდელმსახური, მათგან 4 ბერია, 2 მორჩილი.

სტეფანე კალაიჯიშვილის მიერ განკვეთილ და დღეს გამთენიისას დაკავებულ სასულიერო პირებს 4 ნოემბერს ამოეწურათ მონასტერში ყოფნის ვადა, რომელიც საპატრიარქომ დაუწესა. განკვეთილები ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტის, პეტრე ცაავას მხარდამჭერები არიან.

ჭყონდიდის ეპარქიაში სასულიერო პირებს შორის დაპირისპირება 2019 წლიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც ეპარქიის ყოფილი წინამძღვარი პეტრე ცაავა საპატრიარქომ მღვდელმთავრობიდან გაათავისუფლა. პეტრე ცაავას მხარდამჭერები უარს ამბობენ დაემორჩილონ საპატრიარქოს მიერ მივლენილ მიტროპოლიტ სტეფანეს, სანამ არ შესრულდება მათი მთავარი მოთხოვნა - საერთო კრებაზე განიხილონ პატრიარქის მიმართ პეტრე ცაავას ბრალდებები, ჰომოსექსუალური კავშირებისა და სექსუალური ძალადობის შესახებ. საპატრიარქო სინოდის სხდომაზე „ცრუ ბრალდების“ განხილვაზე უარს ამბობს და ყოფილი მიტროპოლიტის მხარდამჭერ ბერებს „ცრუ პეტრეს“ მომხრეებს უწოდებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG