Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კულტურის სამინისტრო ხელოვნების მუზეუმის შენობის რეაბილიტაციის პროექტს 100 000 ლარად ყიდულობს


"პანორამა-თბილისის" მშენებარე ობიექტი და ხელოვნების მუზეუმი, თბილისი
"პანორამა-თბილისის" მშენებარე ობიექტი და ხელოვნების მუზეუმი, თბილისი

საქართველოს კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებული უწყება, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო, პირდაპირი შესყიდვის წესით ყიდულობს შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის შენობის მზიდი კონსტრუქციების რეაბილიტაცია-გაძლიერების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომსახურების სერვისს. შესყიდვის ღირებულება 100 000 ლარია და ვადად 50 კალენდარული დღეა განსაზღვრული.

კონტრაქტორს შემდეგი სამუშაოების შესრულება დაევალება:

  • რეაბილიტაცია-გაძლიერების სქემატური პროექტის კონსტრუქციული ნაწილის დამუშავება. საანგარიშო სივრცითი მოდელის შექმნა, გაანგარიშება და ანალიზის ჩატარება.
  • რეაბილიტაცია-გაძლიერების მუშა პროექტის კონსტრუქციული ნაწილის დამუშავება.
  • რეაბილიტაცია-გაძლიერების მუშა პროექტის კონსტრუქციული ნაწილის მიხედვით, მშენებლობის ორგანიზაციის პროექტის და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება.

"შენობის მხატვრულ-არქიტექტურული და ისტორიული ღირებულებების გათვალისწინებით მნიშვნელოვანია გამაგრებითი სამუშაოები განხორციელდეს დაუყოვნებლივ, რათა შესაძლებელი გახდეს მუზეუმის სრულფასოვანი ფუნქციონირება, სამეცნიერო და საგანმანათლებლო პროცესის განახლება. აღნიშნულიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია სარეაბილიტაციო ღონისძიებების უწყვეტობა და შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარება", - ვკითხულობთ სახელმწიფო შესყიდვების სისტემაში გამოქვეყნებულ ტექსტში, რომელიც ხსნის ამ მომსახურების ტენდერის გარეშე შეძენის აუცილებლობას. აქვე ნათქვამია, რომ უკვე ჩატარებული კვლევების მიხედვით, შენობის მზიდი კონსტრუქციების დაზიანებები IV ხარისხისაა, მზიდი კონსტრუქციები წინაავარიულ მდგომარეობაშია და ტექნიკური მდგომარეობის მიხედვით მიეკუთვნება IV კატეგორიას.

შესყიდვის დოკუმენტაციის მიხედვით, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტის მომზადების შემდეგ, სარეაბილიტაციო სამუშაოები დაუყოვნებლივ დაიწყება შენობის გადასარჩენად.

ხელოვნების მუზეუმში რეორგანიზაცია სამუზეუმო სისტემის რეორგანიზაციის ნაწილია, რომელიც კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ამ პოსტზე დანიშვნიდან მალევე დაიწყო. სამინისტრომ ხელოვნების მუზეუმის მენეჯმენტი გამოცვალა, მუზეუმი მართვის საგანგებო რეჟიმზე გადაიყვანა და შეიმუშავა შენობის ევაკუაციის გეგმა, რომლის თანახმადაც, მუზეუმიდან ექსპონატების გატანა 5 აგვისტოს უნდა დაწყებულიყო და 2022 წლის თებერვალში უნდა დასრულდეს. პროცესი სამოქალაქო საზოგადოების პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა - სამინისტრო მნიშვნელოვან კითხვებს არ პასუხობს, გაუმჭვირვალეა ფონდების გადატანის პროცესი.

პარალელურად, საპატრიარქო ითხოვს ანჩისხატის ეკლესიისთვის გადაცემას. ხელოვნებათმცოდნეები მიიჩნევენ, რომ ხატები ეროვნული საგანძურის მნიშვნელოვანი ნაწილია და სამუზეუმო სისტემაში უნდა დარჩეს. ანჩისხატში გამზადებულია ტყვიაგაუმტარი ვიტრინა, სადაც საპატრიარქოს სურს განთავსდეს ანჩისხატი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG