Accessibility links

site logo site logo

Conflict Armament Research: რუსეთი ცეცხლსასროლ იარაღს აწვდის აღმოსავლეთ უკრაინელ სეპარატისტებს


რუსეთი სისტემატურად აღვივებს კონფლიქტს აღმოსავლეთ უკრაინაში პრორუსულად განწყობილი სეპარატისტებისათვის იარაღისა და საბრძოლო მასალის მიწოდებით, - ნათქვამია კომპანია Conflict Armament Research-ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.

ასეთ დასკვნამდე მივიდნენ ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული ორგანიზაციის მკვლევრები, რომლებმაც შეისწავლეს ბრძოლის ველზე 2014-2019 წლებში ნაპოვნი 4793 საბრძოლო მასალა და 43-ი ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი.

მკვლევრების თანახმად ნაპოვნი იარაღი იქ შეიძლებოდა მოხვედრილიყო მხოლოდ რუსეთის სამხედრო საწყობებიდან. ასე მაგალითად, მათ აღმოაჩინეს რამდენიმე ტიპის ყუმბარსატყორცნი, სნაიპერული შაშხანები და მიწისზედა ნაღმები, რომლებიც არასოდეს არ ყოფილა უკრაინის შეიარაღებული ძალების საცავებში, შესაბამისად ეს შეიარაღება ვერ იქნებოდა სეპარატისტებისგან ნადავლის სახით წაღებული.

ანგარიშში ნათქვამია, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში მოქმედი სეპარატისტული ძალები „სახალხო ლაშქარზე უფრო უკეთ არიან შეიარაღებული ყოფილი საბჭოთა კავშირისგან მემკვიდრეობით მიღებული იარაღით“.

რუსეთის ხელისუფლებას და იარაღის რუს მწარმოებლებს საერთაშორისო მკვლევრების ანგარიშზე კომენტარები არ გაუკეთებიათ.

აღმოსავლეთ უკრაინაში მოსკოვის მხარდაჭერით მოქმედ სეპარატისტებსა და უკრაინის ცენტრალურ ხელისუფლებას შორის კონფლიქტი 2014 წლიდან გრძელდება. საბრძოლო მოქმედებებს დღემდე 13 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG